დილით ახალქალაქის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იმ ადამიანებს, ვინც სეზონურ სამუშაოებზე გადის, კომპენსაციის მისაღებად ესაჭიროებათ ცნობა, რომელსაც მერია გასცემს. თუმცა, ეს სიახლე სიმართლეს არ შეესაბამება: კომპენსაციის მისაღებად დარეგისტრირებულთათვის ცნობა არ არის საჭირო.
სახელმწიფოს მიერ წარდგენილი დოკუმენტის საფუძველზე გუშინ Jnews-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია მასზედ, რომ რეგისტრაციისათვის პირადი მონაცემების გარდა არავითარი სხვა საბუთი არ არის საჭირო.
დღეს, ახალქალაქის მერიის მიერ ცნობის აუცილებლობის თაობაზე გავრცელებული ინფორმაციის დასაზუსტებლად Jnews-მა საქართველოს დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს მიმართა. სააგენტოდან Jnews-ს შეატყობინეს, რომ საჭიროა მხოლოდ სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი, და საბანკო ანგარიში. ხოლო, იმ ადგილას, სადაც დოკუმენტის ატვირთვაა საჭირო, უნდა განთავსდეს პასპორტის პირველი გვერდის ფოტოსურათი, რომელიც გარკვევით უნდა ჩანდეს. სხვა დოკუმენტის, მაგალითად ცნობის წარდგენა არ არის საჭირო.
“ცნობის წარდგენა არ არის საჭირო, ამ ველში აუცილებელია პასპორტის პირველი გვერდის ფოტოს გადაღება და განთავსება. ფოტოსურათი კარგი ხარისხის უნდა იყოს, რათა შესაძლებელი იყოს მისი წაკითხვა. რატომ გავრცელდა მსგავსი ინფორმაცია ვერ გეტყვით. თავიდანვე, ამ ადგილას პასპორტის ფოტოს ატვირთვა იყო საჭირო. ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია ბევრ ადამიანს გაურკვევლობაში არ შეიყვანს, ჩვენ არავითარი ცნობა არ გვესაჭიროება”,- კიდევ ერთხელ დააზუსტეს სახელმწიფო დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოდან.
გასტარბაიტერები კომპენსაციას მიიღებენ
კომპენსაციის მისაღებად „ხოფანჩი“ უნდა დარეგისტრირდეს
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა კომპენსაციის მისაღებად 2020 წლის 15 ივლისამდე ჯანდაცვის სამინისტროს გვერდზე უნდა დარეგისტრირდნენ.
საქართველოს ხელისუფლება იმ თვითდასაქმებულ მოქალაქეებს დაეხმარება, რომლებიც 2019 წელს სეზონურ სამუშაოებზე სხვადასხვა ქვეყანაში გადიოდნენ, თუმცა წელს COVID-19-ის ეპიდემიის გამო გასვლა ვერ მოახერხეს.