ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოჩიოს მე-7 კლასის მოსწავლე ვენერა ალექსანიანმა კონკურსში «ჩვენი ქართული ენა» მეორე ადგილი დაიკავა. ის ჟურნალისტობაზე და პარიზში წასვლაზე ოცნებობს. თავდაჯერებული ვენერა თვლის, რომ არ არის მამაცი, თუმცა დასახული მიზნებისაკენ მამაცად მიიწევს.
კონკურსი «ჩვენი ქართული ენა» ონლაინ-ფორმატში საქართველოს საზოგადოებრივმა პირველ არხმა არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისათვის განახორციელა.
ონლაინ-კონკურსში მონაწილეობა საქართველოს სომხური და აზერბაიჯანული სკოლების დაახლოებით 200-მა მოსწავლემ მიიღო. ფინალში 44 მოსწავლე გადავიდა.
საჭირო იყო სწრაფად და სწორად კითხვებზე პასუხის გაცემა, რომელიც ყოველ ოთხშაბათს პირველი არხის გვერდზე ქვეყნდებოდა. კონკურსის მეორე ეტაპზე იმ მონაწილეებს, ვინც პასუხები სწორად გასცა, საბოლოო გადაწყვეტილებისათვის კიდევ 30 კითხვა გაეგზავნა.
12 წლის ვენერა ალექსანიანმა კოჩიოდან თავიდანვე სწრაფად და სწორად უპასუხა პირველ შეკითხვებს, შემდეგ კი დამატებით შეკითხვებს გაუმკვლავდა. ის სოფლის სკოლაში მე-7 კლასში სწავლობს. კონკურსის შესახებ მისი ქართული ენის მასწავლებლის, მარიანა აკოპიანისგან შეიტყო.
ვენერა ალექსანიანი ამბობს, რომ კონკურსის შეკითხვები ლოგიკური იყო. იყო კითხვები ქართული ენის გრამატიკაში და ზოგიერთი სხვა შეკითხვაც.
«ძალიან მიყვარს ქართული ენა და მას კარგად ვფლობ. ჩემთვის კითხვები მარტივი იყო, დარწმუნებული არ ვიყავი, მაგრამ იმედი მქონდა, რომ მოვიგებდი. აღნიშნული პროგრამის წყალობით ცოდნა შევიძინე, გარდა ამისა, ამის შემდეგ თავს უფრო თავდაჯერებულად ვგრძნობ»,- ამბობს ვენერა ალექსანიანი.
ქართული ენის ცოდნასა და სიყვარულის საკითხში, გოგონას თქმით, დიდი წვლილი მის მასწავლებელს მიუძღვის. თუკი დღემდე უბრალოდ უყვარდა და ფლობდა ენას, ის ახლა უკვე ამაყობს ამით.
ვენერა ალექსანიანი ჟურნალისტობაზე ოცნებობს.
«ჟურნალისტის სამუშაო ძალიან მაინტერესებს. ძალიან მიყვარს, როდესაც ხალხთან სხვადასხვა სახის ინტერვიუს ატარებენ»,- ამბობს ის.
ბოლო პერიოდში ვენერა ექიმობაზე ოცნებობდა, მაგრამ მოგვიანებით მიხვდა, რომ ექიმის პროფესია მისი არ არის. «არ ვარ მამაცი ადამიანი»,- ამბობს ის.
მიუხედავად იმისა რომ თავს მამაც ადამიანად არ თვლის, ვენერა თავდაჯერებულად საუბრობს. ხოლო როდესაც ოცნებებსა და მიზნებზე ყვება, ის დარწმუნებით ამბობს, რომ ოცნებების მისაღწევად ყველაფერს აკეთებს.
ვენერა ალექსანიანის დედა- გაიანე თვლის, რომ მისი შვილი მიზანდასახული ადამიანია და გოგონათი ამაყობს.
«ის ძალიან დამოუკიდებელია, და თუ რამეს ჩაიფიქრებს, ყველაფერს გააკეთებს მის მისაღწევად, ნებისმიერ საკითხში. მას მუდამ სურს პირველობა»- ამბობს გაიანე ალექსანიანი.
ვენერა ალექსანიანი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაზე ოცნებობს, და ძალიან უნდა პარიზის ნახვა. ჯერჯერობით კი ის საკუთარ სოფელში ახლობლებისა და მეგობრების სიყვარულით გარსშემორტყმული მისი ბავშვობით ტკბება.