ახალქალაქის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღებისთვის საკვების შესაძენად ტენდერებში ადგილობრივი კომპანიები და მეწარმეები არ მონაწილეობენ, საბავშვო ბაღებისთვის პროდუქციას ადგილზე კი არ ყიდულობენ, არამედ ძირითადად თბილისში. Jnews-ი შეეცადა გაერკვია, რატომ არ მონაწილეობენ ადგილობრივი მეწარმეები ტენდერებში.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 17 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, საიდანაც 2 ალტერნატიულია (კვების გარეშე), ხოლო 15 საბავშვო ბაღში მოსწავლეებს საკვებს აძლევენ.
საბავშვო ბაღებისთვის კვების პროდუქტებს სახელმწიფო შესყიდვების ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ყიდულობენ. წელს, დიდი ალბათობით, ახალქალაქში ბავშვების კვებას ახალციხელი კომპანია „კუმი“ უზრუნველყოფს. კომპანიამ სხვადასხვა საკვები პროდუქტების მიწოდებაზე ყველა ტენდერში გაიმარჯვა. ზოგიერთი ტენდერი უკვე დასრულებულია, ნაწილი დოკუმენტაციის მომზადების სტადიაზეა. ტენდერში „კუმთან“ ერთად თბილისისა და ასპინძის კომპანიებიც მონაწილეობდნენ, თუმცა სხვადასხვა მიზეზით დისკვალიფიცირებული იყვნენ.
2019 და 2020 წლებში ახალქალაქის საბავშვო ბაღებს კვებით აბასთუმანში რეგისტრირებული კომპანია „ნება“ უზრუნველყოფდა.
2021 წელს პროდუქცია მეწარმე სერგო მურჯიკნელი აწვდიდა.
2022, 2023 და 2024 წლებში საბავშვო ბაღების ასოციაციის კონკურსებში ბავშვებისთვის საკვების შესაძენად კომპანია ”კუმი”-მ გაიმარჯვა.
2019 წლიდან 2024 წლამდე ადგილობრივი კომპანიები და მეწარმეები ახალქალაქში საბავშვო ბაღებისთვის საკვების შესყიდვის არცერთ ტენდერში არ მონაწილეობდნენ. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის, ანაიდა ასატურიანის თქმით, ადგილობრივი კომპანიები ტენდერში არ მონაწილეობენ, რადგან შესაბამისი დოკუმენტაცია და ტექნიკა არ აქვთ.
გარდა ამისა, ბავშვებისთვის პროდუქციის უსაფრთხოების მოთხოვნებიდან გამომდინარე, მომწოდებლებმა უნდა მიაწოდონ პროდუქცია შესაბამისი დოკუმენტებით, რომლის მიღებაც ახალქალაქში შეუძლებელია, ამიტომ საკვებ პროდუქტებს ძირითადად თბილისში ყიდულობენ.
კომპანია „კუმი“ აცხადებს, რომ სურსათის მიწოდებით მთელი საქართველოს მასშტაბითა დაკავებული.
“ვაგზავნით კახეთში, სამეგრელოში, ქვემო ქართლში, რაჭაში, ამიტომ ჩვენს რეგიონში განაწილებს ჩვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს. ყველა ხარჯი გამოვთვალეთ, ჩვენთვის მომგებიანია. პროდუქციის ძირითად ნაწილს თბილისში ვყიდულობთ”, – თქვა შპს „კუმის“ წარმომადგენელმა დათო მურჯიკნელმა.
საბავშვო ბაღებში საკვები პროდუქტები ყოველ ორშაბათს დილით მიეწოდება, პური კი ყოველდღე მიიღება. მიმწოდებელმა კომპანიამ ხელშეკრულება გააფორმა ადგილობრივ თონეებთან, რომლებიც ყოველდღიურად უზრუნველყოფენ პურით.
მუნიციპალიტეტის 17 საბავშვო ბაღში 1273 ბავშვია.