გუშინ, 22 ივნისს, ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში, მოპასუხე მხარის შუამდგომლობის ინიციატივით, კიმ კუღოიანის სასამართლო სხდომის გადატანა გადაწყდა.
COVID-19-ის მიზეზით შეტანილი ცვლილებების გამო, კიმ კუღოიანის საქმის განხილვისას, სასამართლო სხდომას ესწრებოდნენ მოსამართლე, პროკურორი და ადვოკატი, ჟურნალისტების დასწრება ამ პირობებში დაუშვებელია. სასამართლო დარბაზში სხდომას კიმ კუღოიანიც არ დაესწრო.
მსჯავრდებულის მხარის ინფორმაციით, გუშინ სასამართლოს განაჩენი უნდა გამოეტანა. თუმცა, სასამართლო პროცესის დროს, კუღოიანის ადვოკატის შუამდგომლობით, სასამართლომ გადაწყვიტა სხდომა ივლისის დასაწყისში გადაიტანოს. თუ რა მიზეზით იყო შეტანილი და დაკმაყოფილებული შუამდგომლობა- უცნობია.
შეგახსენებთ, რომ კიმ კუღოიანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით (მე-3 და მე-4 ნაწილები) ედება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მარლთსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას და ტარებას გულისხმობს. კუღოიანის საქმე გამოირჩეოდა იმით, რომ სპეცრაზმის თანამშრომლებმა ის დიდი ხმაურით 2019 წლის 24 მაისს, დაახლოებით 14:00 საახთზე ახალქალაქის ცენტრში, “ხას ბახჩა” პარკთან დააკავეს.
კუღოიანი ამ ხმაურიან დაპატიმრებამდე პოლიციას მის მიმართ მიკერძოებულობაში ადანაშაულებდა. მეგობრები, ნათესავები და ახალქალაქის ახალგაზრდობა კუღოიანის დაპატიმრების პროტესტის აქციებს არაერთგზის მართავდა. ბოლო მიტინგი სასამართლომდე, 15 ივნისს ჩატარდა. კუღოიანის მხარდასაჭერად მაშინ დაახლოებით 300 ადამიანი გამოვიდა. ამ მიტინგზე საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი კიმ კუღოიანის საკითხის «ქართულ ოცნებამდე» მიტანას დაპირდა.