დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში გამოვლენილი რვა ახალი შემთხვევიდან ორი ინფიცირებულთა კონტაქტია, ექვსი კი, იმპორტირებულია.
„დღეს დადასტურებულია რვა ახალი შემთხვევა, აქედან ორი არის ადრე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი და ექვსი არის იმპორტირებული შემთხვევა, სხვადასხვა ქვეყნიდან“,- განაცხადა გამყრელიძემ.
როგორც ამირან გამყრელიძემ განმარტა, ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მგდომარეობა დამაკმაყოფილებელია და ინფიცირებულთა შორის ერთი არასრულწლოვანია.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა დაამატა, რომ ზოგადად, ეპიდსიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, თუმცა მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს დაიცვან რეკომენდაცია, რასაც იძლევა ჯანდაცვის სფერო. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ ასეთი ერთეული შემთხვევები გვაქვს ყოველდღიურად, დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს.
„კვლავ მოვუწოდებთ მოქალაქეებს, დაიცვან რეკომენდაცია, რასაც იძლევა ჯანდაცვის სფერო – პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენა, ნიღბების ტარება, თავის არიდება დიდი შეკრებებისგან, დისტანცირება. ის ფაქტი, რომ ასეთი ერთეული შემთხვევები გვაქვს ყოველდღიურად, დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ 26 თებერვლიდან 21 ივნისამდე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 906 შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული. ამჟამად საქართველოს კოვიდ-ცენტრებში მკურნალობას 137 პაციენტი აგრძელებს. გარდაცვლილია სულ 14 ადამიანი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვია 755.
დღეის მონაცემებით კარანტილში 2 710 მოქალაქე რჩება, ხოლო სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეში 269 პაციენტი იმყოფება.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანახმად 20 ივნისის მონაცემებით ქვეყანაში PCR მეთოდით კორონავირუსის ტესტირება დაახლოვებით 85,7 ათასმა ადამიანმა გაიარა.