ქალაქ ახალქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე დიდი და ღრმა ორმოები გაჩნდა, რაც ტრანსპორტის მოძრაობას აფერხებს. თოვლის დნობისას გზებზე ახალი ორმოები ჩნდება, რაც მძღოლებს უსაფრთხოდ გადაადგილებას ურთულებს.

მძღოლები ჩივიან, რომ როგორც სოფლებისკენ მიმავალი გზა, ისე ქალაქის ქუჩები დანგრეულ და გამოუვალ მდგომარეობაშია.

„ყოველ წელს იგივე სიტუაციაა: მოძრაობა ძალიან გართულებულია, რომელ ქუჩაზეც არ უნდა იმოძრაო, ორმოში აღმოჩნდები. ჩემი მანქანა დაბალია და თუ უკიდურესი სიფრთხილით არ ვივლი, შეიძლება დაზიანდეს. კარგი იქნებოდა გზა ცოტათი მაინც გაეუმჯობესებინათ“, – ამბობს იურა ზოპუნიანი.

476482555_1134837727761668_7122856117826674940_n

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და სამშენებლო სამსახურის უფროსის არა მოვსისიანის თქმით, მათ გასული წლიდან დაუმთავრებელი სამუშაოები არ აქვთ.

„წელს უნდა გამოვაცხადოთ ტენდერი, რათა განვახორციელოთ გასწორების სამუშაოები.  ჩვენ უკვე მოვამზადეთ ყველა დოკუმენტი, რომ დრო არ დავკარგოთ. აპრილში დავიწყებთ ორმოების სამუშაოებს. შარშან ერთწლიანი კონტრაქტი გავაფორმეთ, წელს კი სამწლიან კონტრაქტს ვაპირებთ“, – თქვა მან.

არა მოვსისიანი აღნიშნავს, რომ ამინდის პირობების გამო ახალქალაქში სამშენებლო სამუშაოები ძირითადად აპრილში იწყება.

ხაზს გავუსვამთ, რომ გასულ წელს კომპანია „ჯავახავტოგზამ“ ქალაქსა და სოფლებში მიმავალი გზების ორმოების გარემონტების ჩასატარებელ ტენდერში გაიმარჯვა. კონკურსი მხოლოდ მესამე ცდაზე გაიმართა, 350 ათასი ლარის ოდენობით.

2024 წლის 22 ოქტომბერს Jnews-ი ახალქალაქსა და სოფლებში გზების ორმოების გარემონტების სამუშაოების მიმდინარეობის თემას შეეხო. მაშინ მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორმოების გარემონტების სამუშაოების დასრულების შემდეგ, თუ ის დაგვიანებით დასრულდა, მარკირება 2025 წლის გაზაფხულზე გაკეთდება.

გევორგ ჯანოიან