საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასი იზრდება. ამ დროისთვის უნცია ოქროს ღირებულებამ 2 800 დოლარს მიაღწია, ეს კი ერთწლიან პერიოდში 38.19%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

მსოფლიო ბაზრებზე ოქროს ფასის ზრდის პარალელურად, ძვირფასი ლითონის ნაკეთობები ძვირდება საქართველოშიც, შედეგად კი, მცირდება მოთხოვნა. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ თბილისის „ოქროს ბირჟაზე“ განუცხადეს, არის დღეები, როდესაც მყიდველი საერთოდ არ, ან 2-3 ჰყავთ.

„ოქროს ბირჟაზე“ ასევე საუბრობენ იმაზე, რომ მომხმარებლები, ფასის მატებიდან გამომდინარე, უფრო ხშირად ყველაზე დაბალსინჯიან, მცირეწონიან და შესაბამისად, იაფ ნაკეთობებს ყიდულობენ.

მოვაჭრეთა ნაწილი იმედოვნებს, რომ ვითარება უახლოეს პერიოდში შეიცვლება და გაყიდვების ოდენობა თებერვლიდან მოიმატებს.

ზოგი ფიქრობს, რომ ოქროს ფასი კიდევ მოიმატებს და ამიტომ, ცდილობს, მოასწროს და იყიდოს. ძალიან ბევრი აქეთ მოდის და აბარებს ოქროს – თან აწეულია ფასი ხომ?! ყველა ცდილობს, რომ რაც შეიძლება იაფად ჩაიბაროს. ყველგან ერთი ფასი არ არის ჩაბარების. მაგალითად, თუ ერთ გრამ ე.წ. ბაჯაღლოს 260 ლარად ვყიდი, ჩაბარების ფასი 240 ლარი იქნება. იმედი გვაქვს, რომ ვითარება თებერვლიდან გამოსწორდება“,- უთხრეს „ბიზნესპრესნიუსს“ „ოქროს ბირჟაზე“.

რაც შეეხება ფასებს, როგორც ირკვევა, თბილისის „ოქროს ბირჟაზე“ დღეისთვის 375 სინჯის ოქრო – მასალა 95 ლარი, ხოლო ნაკეთობა 150 ლარი ღირს; 585 სინჯის ოქრო – მასალის 152, ნაკეთობის ფასი კი 200 ლარია. რაც შეეხება 999.9 სინჯის ოქროს, ე.წ. ბაჟაღლოს, მისი ღირებულება 260 ლარია.

უფრო ვრცლად წაიკითხეთ აქ