23 დეკემბერს ახალქალაქში მთავარი ნაძვის ხე აინთება, ასევე მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებული სადღესასწაულო ღონისძიება გაიმართება.

ახალქალაქი საახალწლო დღესასწაულისთვის ემზადება, ქალაქი საზეიმოდ არის მორთული. ახალქალაქის მთავარი ნაძვის ხე ცენტრალურ „ხას ბახჩას“ პარკშია დამონტაჟებული. ასევე მორთულია ნაძვის ხე ცენტრალურ მოედანზე, ახალქალაქის კულტურის სახლთან. წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა ქალაქის მორთვაზე 72 250 ლარი დახარჯა.

ცენტრალურ პარკში მთავარი ნაძვის ხის განათება 23 დეკემბერს აინთება. ამ დღეს პარკში მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად სადღესასწაულო ღონისძიება გაიმართება. როგორც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, ღონისძიების პროგრამა უცნობია, თუმცა დაგეგმილია სტუმრების დაპატიჟება და ადგილობრივი მუსიკალური და საცეკვაო კოლექტივების გამოსვლა.