12 ივნისს ძლიერი სეტყვისგან დაზიანებული ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლები კომპენსაციის მოლოდინში არიან, თუმცა მიწები ყველას არ აქვს დარეგისტრირებული და დაზღვეული.
გუშინ, 12 ივნისს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კოკისპირული წვიმებისა და ძლიერი სეტყვის შედეგად რამდენიმე სოფელი დაზარალდა. ძირითადად ბოსტნეული და ხილის კულტურებია დაზიანებული.
იყო მსხვილი სეტყვა, თუმცა რეალურად მიწები ყველა სოფელში არ დაშავებულა.
სოფელ ოკამში მერის წარმომადგენლის სოსო ბალახაძის თქმით, მათ სოფელში ნივრისა და ხახვის ნათესები მთლიანად განადგურდა. მისი მტკიცებით, მიწები სოფელში ყველას არ ჰქონდა დაზღვეული.
«მერიაში მომხდარის შესახებ უკვე იციან. თუმცა, ყველა მიწა დაზღვეული არ იყო»,- ამბობს სოსო ბალახაძე.
საქართველოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ახალქალაქის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ცენტრის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის რამაზ გოგოლაძის თქმით, ზარალი არც ისე დიდია. თუმცა ის, ვისაც მიწები დარეგისტრირებული და დაზღვეული ჰქონდა, კომპენსაციას მიიღებს. ზარალის ზუსტი შეფასება ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
Jnews-ი ზოგიერთ სოფელში მერის წარმომადგენლებს დაუკავშირდა, მათი თქმით, ზიანი დიდი არ არის, დაზიარენულია მხოლოდ ნივრისა და ხახვის ნათესები. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში სეტყვა სხვადასხვა ხანგრძლივობის იყო, ზოგან სულ რამდენიმე წუთი, ზოგან კი 10 წუთზე მეტ ხანს გრძელდებოდა. ქალაქ ახალქალაქში ძლიერი სეტყვა 1 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.