თბილისში „შუშანიკ დედოფლის ბატალიონი“ დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა. ის საქართველოს ეთნიკურ სომხებს ეძღვნება, რომლებიც აფხაზეთში იბრძოდნენ, იცავდნენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, თავისუფლებას და დამოუკიდებლობას, და ბრძოლის ველზე ეცემოდნენ.
ჩვენება 10 ნოემბერს თბილისში, სასტუმრო “THE BILTMORE”-ის ამფითეატრში გაიმართა. ამ უნიკალური ფილმის რეჟისორები არიან დავით გულიკიანი და არტურ მარტიროსიანი.
ის სომეხ ჯარისკაცებს და მოხალისეებს ეძღვნება, რომლებიც აფხაზეთის ომში და საქართველოს ერთიანობისთვის იბრძოდნენ 1990-იანი წლების დასაწყისში, რომელთა მონაწილეობასა და გმირობებზე თავად ომის ვეტერანები ყვებიან.
ფილმში ყვებიან შემთხვევებზე და ეპიზოდებზე, რომელთა შესახებ დღემდე ცოტამ თუ იცის. ის კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს უდავო სიმართლეს, რომ საქართველოში მცხოვრები სომხები ყოველთვის იდგნენ ქართველი ხალხის გვერდით და უყვარდათ თავისი ქვეყანა, სიცოცხლეს წირავდნენ მაშინ, როცა საქართველოს მთლიანობას საფრთხე ემუქრებოდა.
„შუშანიკ დედოფლის ბატალიონი“ ფილმი ჯავახეთიდან ბრძოლის ველზე წასულ ადამიანებზეც მოგვითხრობს.
Jnews-ი ფილმის ერთ-ერთ რეჟისორს, დავიდ გულიკიანს, ესაუბრა, რომელმაც ფილმის შექმნის იდეასა და წარმოშობილ სირთულეებზე ისაუბრა.
„ჩემი აზრით, ზოგადად საქართველოში არის სხვადასხვა ინფორმაცია აფხაზეთის ომში სომხების მონაწილეობის შესახებ და მათმა უმრავლესობამ პირადად შემაშფოთა, და მე არასდროს არ ვეთანხმებოდი მათ შინაარსს. ამიტომ გადავწყვიტე იმ ომში სომხების მონაწილეობის შესახებ ზოგადი ინფორმაცია მომეძია. თავიდან ყველაფერი შესავალით დაიწყო და ფილმის გადაღების იდეა არ იყო, მაგრამ ბოლოს ისეთ მასშტაბებს მივაღწიეთ, რომ გადავწყვიტეთ რაიმე ღირებული მიგვეღო და ეს ფილმი შეიქმნა.
სომხების მონაწილეობა აფხაზეთის ომში დიდი იყო და ეს ყველაფერი მხოლოდ კვლევით არ შემოიფარგლებოდა, გადავწყვიტეთ, ამ ფილმის საშუალებით საზოგადოებას მივაწოდოთ ობიექტური ინფორმაცია”.
ფილმის შექმნის სირთულეებზე საუბრისას დავითმა აღნიშნა, რომ ეს საკმაოდ რთული პროცესი იყო, პირველ რიგში იმიტომ, რომ ის გადაიღეს კორონავირუსის პანდემიის დროს. გარდა ამისა, დღემდე არავის ჩაუტარებია მსგავსი კვლევა და შესაბამისად, მთელი კვლევის პროცესი საკმაოდ რთული და შრომატევადი აღმოჩნდა.
კითხვაზე, თუ რა რეაქცია მოჰყვა ფილმს ქართულ საზოგადოებაში, დავითმა გვიპასუხა, რომ ფილმი ფართო საზოგადოებისთვის ჯერ არ უჩვენებიათ, ისინი ჯერჯერობით მხოლოდ პრემიერით შემოიფარგლნენ. მისივე თქმით, ფილმის პრემიერა სომხეთში 16 ნოემბერს შედგება და, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში ის ინტერნეტშიც გახდება ხელმისაწვდომი.
”ჩემთვის რთულია შეფასება, მაგრამ ყველას, ვინც ფილმს უყურებდა, ძალიან ემოციური აღმოჩნდა. უარყოფითი შეფასება ჯერ არ მიგვიღია, როცა ფილმი ფართო საზოგადოებისთვის იქნება ხელმისაწვდომი, მაშინ უფრო მკაფიო იქნება ქართული საზოგადოების დამოკიდებულება და რეაქცია“.
თბილისში ფილმის ყურებამ ძალიან დაძაბულად ჩაიარა, ახალგაზრდები ყურადღებით უყურებდნენ ფილმს ახალ, მაგრამ მათთვის ძალიან მნიშვნელოვან და მტკივნეულ თემაზე.
ახალგაზრდებს შორის შთაბეჭდილებები თაგუჰი საჰაკიანმა გაგვიზიარა.
„მთელი ფილმის განმავლობაში სხვადასხვა ემოციებს განვიცდიდი, ფილმის ყურების შემდეგ კიდევ ერთხელ ვიგრძენი სიამაყე და ვფიქრობდი, რომ ამიერიდან ქართული საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ბრალდებებზე გვაქვს პასუხი. უდავოდ იყო ბევრი ფაქტი, რომლის შესახებაც არ ვიცოდი, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ამის ცოდნა. ყოველთვის მეგონა, რომ ყველა სომეხისთვის, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს, მხოლოდ სომხეთია პრიორიტეტული, მაგრამ ფილმის ნახვის შემდეგ მივხვდი, რომ ადამიანები საკუთარ ცხოვრებას და ოჯახს გვერდზე დებენ და თავდაუზოგავად იბრძვიან იმ მიწისთვის, სადაც ცხოვრობენ.
როგორც ვიცით, სომხებიც მოწინააღმდეგის მხარეს იყვნენ და ისინი ფაქტობრივად ებრძოდნენ ერთმანეთს, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ სომხები, ისინი მზად არიან ყველაფერი გააკეთონ ამ მიწის დასაცავად. მეც მიმიზიდა იმ ფაქტმა, რომ ეს ეხება ჯავახეთის მოსახლეობასაც“.
თბილისში ფილმის ჩვენება საქართველოს ეპარქიის სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესიის სულიერი წინამძღოლის, უწმიდესი ეპისკოპოსის ტერ კირაკოს დავტიანის ლოცვა-კურთხევით და ეპარქიის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ორგანიზებით, ასევე, პროგრამის „სამოქალაქო დიალოგი და პრაქტიკული ნაბიჯები ცვლილებისთვის 2023-2024“ ფარგლებში, „Jinishian Memorial Foundation“ ფონდის მხარდაჭერით შედგა.