შეთანხმებას, რომლითაც გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ საქართველოსთვის გრანტისა და სესხის სახით თითქმის 200 მილიონი ევრო გამოყო, ხელი მოეწერა, იტყობინება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
თანხის უმეტესი ნაწილი საქართველოში “მდგრადი ურბანული მობილურობის განვითარებაზე” იქნება გამოყოფილი, კერძოდ 100 მლნ ევრო სესხის, ხოლო 2.0 მლნ ევრო გრანტის სახით პროექტის განხორციელებისა და ზედამხედველობისათვის საჭირო თანმდევი ღონისძიებებისათვის გამოიყოფა. დანარჩენი სახსრები შემდეგ პროექტებზეა გათვლილი: „ენეროგოეფექტიანობის ღონისძიებები და შენობებში ევროკავშირის ენერგოეფექტიანობის სტანდარტებთან დაახლოება – ფაზა II“, „კომუნალური ინფრასტრუქტურა გარემოსა და ტურიზმისათვის“, „ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება – საქართველო“.
სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული შეთანხმების გაფორმებას წინ უძღოდა 2019 წლის 6-7 ნოემბერს გამართული სამთავრობო მოლაპარაკებები საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის განვითარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ. 30 ივლისს დოკუმენტს ხელი საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა მოაწერეს.
დღეის მდგომარეობით, გერმანიის მიერ ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოსთვის საჯარო სექტორში, ქვეყნისთვის პრიორიტეტული სექტორების დაფინანსების მიზნით, გამოყოფილია დაფინანსება 1 მილიარდ ევროზე მეტი გრანტის, ტექნიკური დახმარებისა და შეღავათიანი სესხის სახით.