18 ოქტომბერს, ახალქალაქში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) წარმომადგენლების ახალქალაქელ ამომრჩევლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ცესკოს წარმომადგენლებმა არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ელექტრონული არჩევნების პროცედურა წარადგინეს. შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი სამოქალაქო მოძრაობა – მრავალეროვნული საქართველო“ და საერთაშორისო ორგანიზაცია IFES-ის ორგანიზებით გაიმართა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრას, როგორც ახალგაზრდები, ასევე მოზარდები ესწრებოდნენ.
„ვიზიტის მიზანი – პროცედურების შესახებ ახალგაზრდა ამომრჩევლების ინფორმირება, რომელიც 26 ოქტომბერს გაიმართება. ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია, რადგან პირველად ამომრჩეველთა 90% ხმას ელექტრონულ ფორმატში მისცემს, რეგიონებშიც არის ისეთი საარჩევნო უბნები, რომლებიც ელექტრონული სისტემით მისცემენ ხმას, ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვაცნობოთ ყველას, განსაკუთრებით ახალგაზრდა ამომრჩეველს, რა პროცედურები უნდა გაიარონ ხმის მისაცემად“, – თქვა საქართველოს ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი შარაბიძემ.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს აქვთ არჩევნებში თანაბარი მონაწილეობის უფლება, ეთნიკური უმცირესობებისთვის ბიულეტენები იბეჭდება სომხურ ენაზე, ასევე საინფორმაციო ბუკლეტები იბეჭდება სომხურ ენაზე. საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მათი მიზანია შექმნან თანაბარი და თავისუფალი ატმოსფერო ყველასთვის, მიუხედავად ენობრივი ბარიერისა.
გიორგი შარაბიძემ თითოეული ამომრჩევლის საარჩევნო პროცედურის, ელექტრონული ხმის მიცემის პროცედურის ცოდნის მნიშვნელობა აღნიშნა. დამსწრე საზოგადოებას ხმის მიცემის ელექტრონული პროცედურის შესახებ სომხურ ენაზე ვიდეო აჩვენეს.
ყველას გადაეცა სახელმძღვანელო-ბუკლეტები ელექტრონული საარჩევნო პროცედურის შესახებ, ასევე ბუკლეტები არჩევნებში ეთნიკური უმცირესობების თანაბარი მონაწილეობის შესახებ.