ყველა ქალი ცხოვრებაში ადრე თუ გვიან დგება დილემის წინაშე – სამსახური თუ ოჯახი. ზოგი ადამიანი ირჩევს ფოკუსირებას ერთ რამეზე, ზოგი კი მათ შერწყმას ცდილობს, რაც ადვილი არ არის. ქალთა საერთო პრობლემა განსაკუთრებით მწვავდება ჯავახეთში, ადგილობრივ ტრადიციულ საფუძვლებზე, პროვინციულ შეხედულებებსა და სტერეოტიპებზე დაყრდნობით. Jnews-მა მომუშავე და არამომუშავე დედებისგან გაარკვია, რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს მათ არჩევანს.
საქართველოში, ისევე როგორც რეგიონის ბევრ სხვა ქვეყანაში, დასაქმებაში გენდერული უთანასწორობის პრობლემა არსებობს. 2024 წლის მონაცემებით დასაქმებულთა პროცენტული მაჩვენებელი მამაკაცები (66%) უფრო მაღალია, ვიდრე ქალები (45%). გარდა ამისა, შენარჩუნებულია დიდი უფსკრული მამაკაცებისა და ქალების ხელფასს შორის. მამაკაცების საშუალო ნომინალური ხელფასი 2343.2 ლარს შეადგენს, ხოლო ქალების – 1540.0 ლარს.
ახალქალაქში გენდერული უთანასწორობის პრობლემა კიდევ უფრო ღრმავდება. ქალებს ხშირ შემთხვევაში უნდათ, მაგრამ ვერ იწყებენ მუშაობაა, რადგან ქმრები არ აძლევენ საშუალებას. ხოლო ბავშვიანი ქალებისთვის ორმაგად რთულია, რადგან არჩევანის წინაშე დგანან – მუშაობა ან ბავშვებზე ზრუნვა, და ყოველთვის არ ჰყავთ სახლში დამხმარე, ვისთანაც ბავშვების დატოვებას შეძლებენ. ზოგჯერ თავად დედები ფსიქოლოგიურად ვერ ეგუებიან იმ აზრს, რომ მოუწევთ შვილების დატოვება და სამსახურში გასვლა, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ამის შესაძლებლობა აქვთ.
ელენა 28 წლისაა, ჰყავს ორი შვილი და ამჟამად არ მუშაობს. ელენა პროფესიით მენეჯერია, მაგისტრატურაზე სწავლის დროს და დამთავრების პერიოდში პროფესიით მუშაობდა ერევანში, მაგრამ შემდეგ დაიწყო კორონავირუსული პანდემია, რამაც მის ცხოვრებაში ცვლილებები შეიტანა.
„ჩვენი ოფისი დაიხურა, დავბრუნდი ახალქალაქში, გავთხოვდი. ყველაფერი ისე გამოვიდა, როგორც მე მინდოდა, ერთი განსხვავებით, ჯერ სამსახურის ნახვა მინდოდა, მერე გათხოვება, ან თუნდაც, შვილების გაჩენამდე მენახა სამსახური. მაგრამ რადგანაც სხვაგვარად გამოვიდა, ახლა ველოდები ბავშვების გაზრდას“, – ყვება ის.
ამ დროისთვის ელენა ვერ აერთიანებს ბავშვზე ზრუნვას და მუშაობას, რადგან მისი ოჯახის ყველა წევრი მუშაობს და შვილებს ვერავისთან დატოვევს. თვლის, რომ შვილების გაჩენამდე რომ ემუშავა, გამოსავალს იპოვიდა და დანარჩენ ყველაფერს სამუშაოს მოარგებდა.
„ვფიქრობ, რომ ყველაფერი სხვაგვარად დალაგდებოდა, ამას მოვერგებოდით. ფსიქოლოგიურად უფრო მომზადებული ვიქნებოდი, რომ სამსახური მაქვს და ბავშვები უნდა დავტოვო და სამსახურში წავიდე, მაგრამ ახლა, რადგან არ ვმუშაობ, მინდა ბავშვები სრულყოფილად გავზარდო“, – ამბობს ჩვენი გმირი.
უმცროსი ქალიშვილი ჯერ კიდევ ძალიან პატარაა და საბავშვო ბაღში ვერ დადის.
„უფროსს უკვე შეუძლია საბავშვო ბაღში სიარული, ჭამა და დამოუკიდებლად ჩაცმა, მაგრამ უმცროსს არა. ძიძის აყვანაში აზრს ვერ ვხედავ, მე თვითონ ვზრდი ამდენი წელია, ცოტა კიდევ მოვითმენ”, – ამბობს ის.
ელენას თქმით, თუ მუშაობის სურვილი და შესაძლებლობა გაქვს, მაშინ ახალქალაქში სამსახურის პოვნა რეალურია.
„ვფიქრობ, რომ თუ იცი ქართული ენა, შეგიძლია იმუშაოთ ნებისმიერ სფეროში. ქსელურ მაღაზიებში, სახელმწიფო სფეროში, ბანკებში და აფთიაქებში. სხვა არაფერი გვაქვს. გარდა აფთიაქებისა ყველა სხვა სფერო შეესაბამება ჩემს სფეროს”,- ამბობს ის.
თუმცა, ახალქალაქში ბევრი დედა არ ფლობს სახელმწიფო ენას და, შესაბამისად, სამუშაოს შოვნა შეიძლება გაუჭირდეს. მათთვის საბიუჯეტო სფერო დაკეტილია, ხოლო კერძო კომპანიები მომუშავე დედებს მინიმალურ პირობებსაც კი არ უქმნიან.
ელენა აღიარებს, რომ შესაძლებლობების გარდა, არსებობს ფსიქოლოგიური ფაქტორიც, რომელიც თავს იჩენს.
„როგორც დედა, ბავშვს საბავშვო ბაღშიც ვერ დავტოვებ, რაც არ უნდა უსაფრთხო იყოს და რაც არ უნდა კარგად მიხედონ იქ, შვილებს ვერ დავტოვებ და წავალ, შევეჩვიეთ ერთმანეთს”.
ელენას თქმით, საქართველოში, საბიუჯეტო სფეროში, დედებსაც და მამებსაც კარგი სამუშაო პირობები აქვთ. მაგალითად, ბავშვების საბავშვო ბაღში, სკოლაში წასაყვანად გამოყოფენ დროს, ზოგან არის საბავშვო ზონა, ანუ მშობლებს შეუძლიათ ბავშვების სამსახურში წაყვანა. თუმცა, კერძო კომპანიებში, მისი თქმით, ყველაფერი უარესად არის.
იმისდა მიუხედავად, რომ ამ მომენტში ელენამ ოჯახი აირჩია, მომავალში აუცილებლად უნდა მუშაობის დაწყება.
ლუსინე მინასიანი – ახალქალაქის მცხოვრები, რომელიც 15 წელია საბანკო სფეროში მუშაობს. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 2008 წელს მაშინვე დაიწყო მუშაობა. 5 წლის შემდეგ ლუსინე გათხოვდა და მას შემდეგ ორ შვილს, ოჯახსა და სამსახურს აერთიანებს.
„2014 წელს ჩემი პირველი ვაჟი გავაჩინე, ამის შემდეგ ერთი წელი ვიყავი დეკრეტულ შვებულებაში და მალევე დავბრუნდი სამსახურში. მეორე შვილის გაჩენის შემდეგ, ორი წელი ვიყავი დეკრეტულ შვებულებაში. შრომით საქმიანობაში შესვენება აღარ მქონია“, – ყვება ის.
ახალქალაქში მიღებული არ არის, რომ ქალმა უფრო მეტი დრო დაუთმოს სამუშაოს, ვიდრე ოჯახს, ან კარიერას. მენტალიტეტი საზოგადოებას კარნახობს, რომ ქალის მოწოდება, უპირველეს ყოვლისა, არის ოჯახი ხოლო თუკი მუშაობს, მაშინ ისე, რომ „ოჯახის საზიანოდ არ იყის“. ლუსინეს ამ საკითხში გაუმართლა და მისი ოჯახი გაგებით მოეკიდა, რომ ის მუშაობდა, მაგრამ მისი მაგალითი ახალქალაქისთვის უფრო გამონაკლისია, ვიდრე წესი.
„სიძნელეები ყოველთვის არის, მაგრამ სწორად უნდა გადაანაწილო შენი დრო, დრო დაუთმო როგორც სამსახურს, ასევე ოჯახს. ეს, რა თქმა უნდა, რთულია, ყველას არ გამოსდის. მე გამომივიდა, რადგან ოჯახში გაგებით მოეკიდნენ, მეუღლე მოეკიდა გაგებით, მეც ძალიან მიყვარს ჩემი სამსახური, ამის გარეშე ვერ შევძლებდი მის შეთავსებას“, – გვიზიარებს ის.
გარდა იმისა, რომ ყველა ქმარი არ აძლევს ცოლს მუშაობის უფლებას, ახალქალაქში ასევე არ არის გავრცელებული ბავშვების აღზრდაში ქმრების მონაწილეობა. ძალიან იშვიათია, როცა დედა და მამა თანაბარ დროს უთმობენ ბავშვის მოვლას – როგორც წესი, ამას მხოლოდ დედა აკეთებს. ამასთან დაკავშირებით ლუსინე აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ეხმარება ქალს ოჯახისა და სამუშაოს გაერთიანებაში, ახლობლებისა და ნათესავების დახმარებაა.
„ჩემი ქმრის მშობლები მეხმარებიან, დედაჩემიც მეხმარება, მათი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი რომ არ ყოფილიყვნენ, პრობლემები და სირთულეები წარმომექმნებოდა. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვების დატოვების საშუალება გქონდეს”.
ლუსინე აღიარებს, რომ ფსიქოლოგიურად ძალიან გაუჭირდა შვილების დატოვება და სამსახურში გასვლა.
„განსაკუთრებით რთული იყო იმ პერიოდში, როცა უმცროსი გოგო დავტოვე, ამიტომ გამუდმებით ვახანგრძლივებდი დეკრეტულ შვებულებას და 2 წელიწადი ვიყავი დეკრეტში. გამუდმებით ვფიქრობდი: “ახლა რას აკეთებს?“, „შეიძლება, არ ჭამს, ტირის”. ჩემი უფროსი შვილი უკვე 10 წლისაა, მაგრამ მე მაინც სულ ვფიქრობ, მივიდა თუ არა სახლში, ჩემი ფიქრები ყოველთვის მათთან არის“.
მიუხედავად ყველა სირთულისა, რაც მომუშავე დედას ახლავს თან, ლუსინეს მიაჩნია, რომ სწორი არჩევანი გააკეთა.
„6-მდე, 7-მდე, ხანდახან 9-მდეც კი ვმუშაობ, სამსახურის შემდეგ კი ბავშვებზე ზრუნვა მიწევს, რა თქმა უნდა, ძალიან ვიღლები, მაგრამ მიმაჩნია, რომ სწორია მუშაობა და ოჯახიც. ოჯახის გარეშე ცხოვრება უინტერესოა, მაგრამ სამუშაოს გარეშე ცხოვრებაც არ შეიძლება. როცა მუშაობ, თავს სხვანაირად გრძნობ, ასევე სხვები გცემენ პატივს. ურთიერთობის წრე, მეგობრები. ამ ყველაფერს აკეთებს სამსახური“,- ამატებს ის.
მჭიდრო შრომის ბაზარი ახალქალაქში, ისევე როგორც მცირეწლოვანი დედებისთვის მოქნილი სამუშაო პირობების არარსებობა, ქალებს მრავალი ალტერნატივისგან არჩევანის გაკეთებაში უშლის ხელს. ხშირად ქალებს საკუთარი თავი სახლის გარეთ მომუშავე დედის ან ცოლის როლში არ წარმოუდგენიათ და კარიერაზე ფიქრი მიუღწეველ ოცნებად რჩება.