„უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სამი სხვადასხვა ასეთივე ტიპის რეზოლუცია იქნა მიღებული ევროპარლამენტში და ეს არის მoრიგი, მეოთხე რეზოლუცია, რომელიც ევროპარლამენტმა მიიღო. აქ იკითხება იმ ძალების ხელი, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ გლობალურ ომის პარტიას“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუციიდან მკაფიოდ იკითხება უსამართლობა.

„რეზოლუციას და ზოგადად, ევროპარლამენტს რაც შეეხება, არავისთვის გასაკვირი არ არის ალბათ ასეთი ტიპის ფაქტები – ის სურათი, რომელიც კიდევ ერთხელ ვიხილეთ ევროპარლამენტში. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სამი სხვადასხვა ასეთივე ტიპის რეზოლუცია იქნა მიღებული ევროპარლამენტში და ეს არის მორიგი, მეოთხე რეზოლუცია, რომელიც ევროპარლამენტმა მიიღო. აქ იკითხება იმ ძალების ხელი, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ გლობალურ ომის პარტიას.

აშკარაა, კონკრეტული ძალები ვერ ეგუებიან იმას, რომ ქვეყანაში არ შედგა მეორე ფრონტი, არ შედგა ომი და ეს არის ერთგვარი ბოლო გაბრძოლება ამ ძალებისთვის, რათა მოახერხონ ასეთი სცენარის განვითარება. ისინი იმედს ამყარებენ საპარლამენტო არჩევნებზე და ამისთვის შედგა რეალურად ევროპარლამენტში ეს დისკუსია, ამისთვის იქნა მიღებული ეს რეზოლუცია, თუმცა ამ ძალების ეს მცდელობა არის განწირული წარუმატებლობისთვის ერთი მარტივი მიზეზის გამო – ქართულმა საზოგადოებამ ისწავლა ძალიან ბევრი რამ იმასთან დაკავშირებით, რა ხდება ჩვენ გარშემო, რა ძალები მოქმედებენ, რა ინტერესით მოქმედებენ ეს ძალები ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ჩვენმა თანამოქალაქეებმა ისწავლეს ასევე ისიც, რომ ასეთი რეზოლუციების უკან დგას არა ევროკავშირის, არა მისი მოსახლეობის ინტერესები, არამედ დგას სხვა კონკრეტული ძალების ინტერესები. ძალიან მკაფიოდ იკითხება ამ რეზოლუციიდან უსამართლობა. ისევ არის საუბარი „ქართული ოცნების“ დასჯაზე, ისევ არის საუბარი „ნაციონალური მოძრაობის“ მფარველობაზე. ეს არის მთავარი წითელი ხაზი, რომელიც გასდევს ამ რეზოლუციას. რა თქმა უნდა, უსამართლო დოკუმენტს არავითარი ფასი არ აქვს ჩვენთვის. ისეთივე ჩალის ფასი აქვს, როგორც წინა სამ რეზოლუციას და ისეთივე უშედეგო იქნება ეს რეზოლუცია, როგორც წინა სამი“, – განაცხადა პრემიერმა.

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მომზადებული რეზოლუციის პროექტი დაამტკიცა. რეზოლუციას მხარი დაუჭირა 495-მა ევროდეპუტატმა, 73 წინააღმდეგი იყო, 86-მა კი თავი შეიკავა.