საქართველოში საპარლამენტო არჩევნები, რომელიც 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება, ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია როგორც პოლიტიკური, ასევე სტაბილურობისა და განვითარების თვალსაზრისით. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში პოლიტიკური ვითარება მშვიდია, ოპოზიციური პარტიები არც თუ ისე აქტიურები არიან, ხოლო მმართველმა პარტიამ კამპანია უკვე დაიწყო. რას ფიქრობენ ახალქალაქში სამომავლო არჩევნებზე – წაიკითხეთ Jnews-ის მასალაში.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე ორ თვეზე ნაკლები რჩება. ზოგი ამ არჩევნებს რეფერენდუმთან აიგივებს, სადაც ამომრჩევლებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორი საქართველო უნდათ მათთვის, რომელი გზით ივლის ქვეყანა. ახალქალაქში ამ ეტაპზე „სიმშვიდეა“ – ოპოზიციური პარტიები, როგორც ადრე, პასიურები არიან.
ახალქალაქის მოსახლეობა პოლიტიკური შეხედულებების გამოხატვაში თავშეკავებულია. გთავაზობთ რამდენიმე ადამიანის მოსაზრებას არჩევნების მნიშვნელობაზე.
შორენა თეთვაძე ზრდასრულთა განათლების ცენტრის დირექტორია. ის ყველა არჩევნების მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
„ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია და არა მხოლოდ ეს, ყველა არჩევნებია მნიშვნელოვანი. იმედია ჩვენთან ყველაფერი კარგად იქნება, ჯერჯერობით ყველაფერი მშვიდად არის, დაძაბულობას არ ვგრძნობ. ეს ალბათ რეგიონზეა დამოკიდებული, ან სხვა რამეზე, არ ვიცი. ჩემი მოლოდინი მიღებულ კანონს უკავშირდება, რადგან რასაც ვაკეთებთ და ვაკეთებდით, ყველაფერი გამჭვირვალეა, დეკლარაციას ვავსებთ“.
ენოქ ბაბაჯანიანი ფერმერია. მას მიაჩნია, რომ არჩევნები იქნება გადამწყვეტი ქვეყნის მომავლისთვის, განსაკუთრებით საქართველოს საგარეო ეკონომიკური პოლიტიკის კონტექსტში.
„ნებისმიერი არჩევნები მომავლისთვისაა, იმედი გვაქვს, კარგად ჩაივლის, მთავარია ამ არჩევნებში სახელმწიფომ აჩვენოს თავისი მიმართულება – ევროპა თუ რუსეთი. ჩვენი ოპოზიცია პასიურია, „ქართული ოცნება“ მუშაობს, „ოცნება“ ოპოზიციაზე უკეთ მუშაობს. სოფლებში აგიტატორებმა უკვე დაიწყეს მუშაობა. სომხეთისთვისაც მნიშვნელოვანია ეს არჩევნები, რომელ გზას გაივლის სომხეთი საქართველოზეა დამოკიდებული, თუ საქართველო ვერ დაუახლოვდება ევროკავშირს, მაშინ სომხეთს გაუჭირდება“.
ვარაზდატ სალვარიანი ფერმერია. ის ხაზს უსვამს არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობას, მიუხედავად იმისა, რომ თავადაც არ არის ძალიან დაინტერესებული პოლიტიკით.
„ახლა ყველა იღებს ინფორმაციას სოციალური ქსელებიდან, ყველა თვითონ ირჩევს, როცა მიდის არჩევნებზე. პოლიტიკას ღრმად არ ვუღრმავდები, მაგრამ არჩევნები მნიშვნელოვანია, სახელმწიფო კი დიდი ოჯახია, რომელშიც ცხოვრობ“.
ახალქალაქის აქტიურმა მოქალაქემ, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, შემდეგი კომენტარი გააკეთა:
„სახელმწიფო გონივრულად უდგება, თუ ნაწილი ისწრაფვის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, როცა არის ოკუპირებული ტერიტორიები, მაშინ ევროპა ვერასდროს მიიღებს ამ პროცესში, არის მიღების პირობები, თუმცა, ამას ცოტა მეტი დრო დასჭირდება, რა თქმა უნდა, მაგრამ ჯობია ეს მიწები დავუბრუნოთ, მერე გავწევრიანდეთ ევროკავშირში. ახალგაზრდებს უბრალოდ მოთმინების უარი არ აქვთ. ხელისუფლება იძულებული გახდა, აირჩია საუკეთესო ვარიანტი, რათა მომავალში საქართველოც აყვავდეს და ყველა მეზობელთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს. აქ ცოტა სხვაგვარადაა, ხალხი თავაზიანია და ყოველთვის თანხმდება. ეს კანონი არსებობს ევროპის ყველა ქვეყანაში და ამერიკაში. თუ ვინმეს არ მოსწონს ეს კანონი, ოპტიმალური შესთავაზოს“.