ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურის წარმომადგენლების ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული უსიმპტომო პაციენტები დაავადების გამავრცელებლები არ არიან.
აქამდე ზოგიერთი მკვლევარი შეშფოთებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ უსიმპტომო ინფექციის გამო, დაავადების შეკავება შეიძლება გართულებულიყო. ზოგიერთ ადამიანს, განსაკუთრებით ახალგაზრდებსა და ძლიერი იმუნიტეტის მქონე პირებს, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებულნი არიან, სიმპტომები არასდროს აქვთ, ან, მხოლოდ მსუბუქად უფიქსირდებათ.
„ჩვენს მიერ მოპოვებული მონაცემები ცხადყოფენ, რომ იშვიათია უსიმპტომო ადამიანმა მეორე ინდივიდს ინფექცია გადასდოს. ეს ძალიან იშვიათია”, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, მარია ვან კერხოვემ.
მისივე თქმით, საჭიროა მეტი გამოკვლევა და მონაცემები იმისთვის, რომ პასუხი გაეცეს კითხვას, შესაძლებელია თუ არა კორონავირუსის ფართოდ გავრცელება უსიმპტომო მატარებლების მეშვეობით.
„მრავალი ანგარიში გვაქვს იმ ქვეყნებიდან, რომლებიც კონტაქტებს დეტალურად იკვლევენ. ისინი უსიმპტომო შემთხვევებს მიჰყვებიან და ვერ პოულობენ მეორად გადაცემას. ეს ძალიან იშვიათია“, – დასძინა მან.