თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევიდან 22 ბათუმში არსებულ საკონდიტრო მაღაზია „დონას“ უკავშირდება, შვიდი ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირია, ოთხი შემოტანილი შემთხვევაა, ხოლო ხუთის წყარო ამ ეტაპზე უცნობია.
„დაფიქსირდა 38 ახალი შემთხვევა და გახდა 1548. ახალი შემთხვევებიდან 22 არის ბათუმის საკონდიტრო მაღაზია „დონას“ კლასტერიდან, შვიდი შემთხვევა დაავადებულ პაციენტებთან კონტაქტია, ოთხი შემოტანილია, აქედან ორი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, ხუთ პირზე მიმდინარეობს კვლევა კონტაქტების მოძიების და წყაროს დადგენის თვალსაზრისით“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებას, ეზუგბაიას თქმით, გამოჯანმრთელებულების რიცხვი 17-ით გაიზარდა. მარინა ეზუგბაიას განმარტებით, დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა 82 პროცენტია განკურნებული, კოვიდ-ცენტრებში კი 251 პაციენტი მკურნალობს, მათგან 15-ის მდგომარეობა მძიმე, სამის კი კრიტიკულია.