სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, პირველი ბავშვის დაბადებისას დედის საშუალო ასაკი გაიზარდა. ბუნებრივი მოძრაობის სტატისტიკის მიხედვით, დედის საშუალო ასაკმა პირველი ბავშვის დაბადებისას 2013 წელს 26.4 წელი შეადგინა, ხოლო 2023 წელს ეს მაჩვენებელი 29.3 წლამდე გაიზარდა.

დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში 2023 წელს, 2013 წელთან შედარებით, 45.3 პროცენტიდან 37.7 პროცენტამდე შემცირდა რიგით პირველი დაბადებულის წილი. ხოლო მესამე და მომდევნო რიგითობის დაბადებულთა წილი 16.7 პროცენტიდან 27.5 პროცენტამდე გაიზარდა. ამასთან, მეორე რიგითობის შვილის წილი 4.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

ამასთან, საქსტატის ცნობით, 2023 წელს არარეგისტრირებულ ქორწინებაში 15 816 ბავშვი დაიბადა, რაც ცოცხლად დაბადებულების 39.3 პროცენტს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ რეგისტრირებული ქორწინების გარეშე შობადობის რეგისტრაციის სტატუსი ორი სახის არის: დაბადებულები, რომლებიც რეგისტრირებული არიან
ა) მშობელთა ერთობლივი განცხადებით;
ბ) მხოლოდ დედის განცხადებით.

ქორწინების გარეშე მხოლოდ დედის განცხადებით რეგისტრირებული დაბადებულების წილი 2023 წელს შეადგენს 14.4 პროცენტს. უწყების კვლევის მიხედვით, საქართველოში, მკვდრადშობილთა რიცხოვნობა და მკვდრადშობადობის ზოგადი კოეფიციენტი კლების ტენდენციით ხასიათდება.