თავდაცვის სამინისტროს საკუთარი სისხლის ბანკი ექნება. ამის შესახებ, პარლამენტის 2024 წლის საშემოდგომო სესიისთვის გათვალისწინებულ საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაშია აღნიშნული.
„საკანონმდებლო ცვლილებით – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში იფუნქციონირებს დამოუკიდებელი საწარმოო ტრანსფუზიოლოგია, საკუთარი სისხლის ბანკი, რაც გულისხმობს სისხლის აღებას, კომპონენტების დამზადებას, შენახვას და ადმინისტრირებას, მუდმივად განახლებადი სტრატეგიული მარაგების შექმნას, როგორც მშვიდობიან პერიოდში ასევე, საგანგებო ან/და საომარი მდგომარეობის, განსაკუთრებული სიტუაციების დროს.
სისხლის ბანკის ადმინისტრირებას დამოუკიდებლად, ა(ა)იპ-ის დაფუძნების გარეშე, განახორციელებს სსიპ – გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი,“- ნათქვამია დოკუმენტში.