2023 წლის პირველ ნახევარში გერმანიიდან დეპორტირებულ პირთა რიცხვი, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 27%-ით გაიზარდა. საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებსაც თავშესაფარზე უარის მიღების შემდეგ დაატოვებინეს ქვეყანა.
გერმანულ მედიაში გამოქვეყნებული მონაცემებით, რომლებიც გერმანიის შსს-დან “მემარცხენე პარტიამ” გამოითხოვა, მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში ყველაზე ხშირად საქართველოს მოქალაქეებს (705 პირი) ადეპორტებდნენ.
როგორც ტელეკომპანია ZDF იუწყება ამავე მონაცემებზე დაყრდნობით, ქართველებს მოსდევენ ჩრდ. მაკედონიელები (665 პირი), ავღანელები (569 პირი) და თურქები (525 პირი).
ჯამში, იანვრიდან ივნისამდე, ქვეყნიდან 7 861 პირი გააძევეს. დეპორტირებულთა შორის 1 664 ქალი და 1375 არასრულწლოვანია. მედიის ცნობით, გაზრდილია იმ ადამიანთა რიცხვიც, რომელთაც ნებაყოფლობით დატოვეს ქვეყანა.
“მემარცხენე პარტიაში” ზემოხსენებული მონაცემები გააკრიტიკეს და თქვეს, რომ “ეს უბიძგებს ადამიანებს, დაბრუნდნენ იმ ადგილებში, სადაც შეეჩეხებიან ომს, უკიდურეს გაჭირვებასა და უიმედობას”.
გერმანული კანონმდებლობის მიხედვით, იმ ადამიანებმა, რომელთაც თავშესაფრის მიღების შესახებ განაცხადი არ დაუკმაყოფილეს, ქვეყანა უნდა დატოვონ. ეს მოთხოვნა ვრცელდება იმ პირებზეც, რომელთა ვიზებს ან ბინადრობის ნებართვებს ვადა გაუვიდა.
როგორც გერმანული DW წერს, კანონის თანახმად, საიმიგრაციო ორგანოებმა უნდა განახორციელონ დეპორტაცია, თუ არ არსებობს შემამსუბუქებელი ფაქტორები, როგორიცაა, მაგალითად, ავადმყოფობა.
მიუხედავად საკანონმდებლო დათქმისა, დეპორტაციის პროცესი ხშირად წარუმატებლად სრულდება.
შსს-ს ცნობით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში დეპორტაციის 520 მცდელობა შეწყდა. მიზეზებს შორის დომინირებს თავად იმ პირების მხრიდან წინააღმდეგობა, რომლებიც დეპორტაციას ექვემდებარებიან, ისევე როგორც, ავიაკომპანიების პილოტების უარი, დეპორტირებული პირი დაუშვან ბორტზე და ფედერალური პოლიციის უარი, დააკავონ ეს ადამიანები.
ივნისის მონაცემებით, 279 098 ადამიანი, რომელსაც თავშესაფრის განაცხადი არ დაუკმაყოფილეს, კვლავ გერმანიაში ცხოვრობდა. მათ დიდ ნაწილს მინიჭებული ჰქონდა ე.წ. დულდუნგი — დოკუმენტი, რომელიც გარკვეული ხნით აჩერებს იმ პირთა დეპორტაციას, რომელთაც უარი უთხრეს თავშესაფარზე.
ცნობილია, რომ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრს, ნენსი ფეზერს, დეპორტაციის წესების გამკაცრება სურს. აგვისტოს დასაწყისში მან წარადგინა დოკუმენტის პროექტიც, რომელიც პოლიციას მეტ უფლებამოსილებას ანიჭებს გერმანიიდან ადამიანების გაბრუნების პროცესის აღსასრულებლად.