21-ე საუკუნეში, როცა თითქოსდა გადაადგილების პრობლემა მოგვარებული უნდა იყოს, ახალქალაქის ბევრ სოფელში ხალხი კვლავ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარეშე აგრძელებს ცხოვრებას. მართალია, ზოგიერთი სოფლიდან დილით ადრე ტრანსპორტი ქალაქში ერთხელ მაინც მოდის, მაგრამ მოუხერხებელი გრაფიკის გამო ბევრი ვერ სარგებლობს.
სკოლის დამთავრების შემდეგ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯადან ჰაიკანუშ ბასენციანმა პარიკმახერის საქმის შესწავლა გადაწყვიტა. მისი მეგობრები სხვა სფეროებშიც ცდილობდნენ სპეციალიზაციას, მაგრამ ტრანსპორტის პრობლემის გამო სოფლიდან ქალაქში გადაადგილება და მეცადინეობებზე დასწრება რთული იყო.
„ყოველდღიურად ძალიან რთულია ტრანსპორტის საკითხის მოგვარება. დიახ, ჩვენი სოფლის გავლით გადის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მაგრამ ისე ადრე მიდის და ბრუნდება, რომ ამ დროში ჩატევა შეუძლებელია, იყო დღეები, როცა ტრანსპორტის გამო მიწევდა გაკვეთილებზე დაგვიანება ან საერთოდ გაცდენა“, – ყვება ჰაიკანუში.
მას მუშაობაც უნდა, მაგრამ ყოველდღე ქალაქში სიარულის შესაძლებლობა არ არის. ამბობს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი რომ ყოფილიყო, ოცნების ასრულებას შეძლებდა. იმისთვის, რომ მეცადინეობებზე დროულად მივიდეს, ჰაიკანუში მეგობრებთან ერთად ხშირად სარგებლობს ტაქსით, ზოგჯერ მშობლებს მიჰყავთ, მაგრამ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების „სეზონზე“ ეს შეუძლებელი ხდება.
„ძალიან მოხარული ვიქნები, სხვა დროსაც რომ იყოს ხელმისაწვდომი ტრანსპორტი. ვფიქრობ, ეს დიდ სარგებელს მოუტანს ახალგაზრდებს, რომლებსაც სურთ ქალაქში სადმე მონაწილეობის მიღება. ძალიან რთულია ყოველდღიური ტრანსპორტის საკითხის მოგვარება, რაც ასევე დაკავშირებულია ფინანსურ სირთულეებთან“, – აღნიშნავს ჰაიკანუშ ბასენციანი.
ამგვარად, ტრანპორტით და მის გარეშეც ახალგაზრდები ბევრი სირთულის წინაშე დგანან, ბევრს აქვს სპეციალიზაციის ან მუშაობის სურვილი, მაგრამ ამის შესაძლებლობა ყველას არ აქვს.