20 ივლისის დღისით ქუჩის ძაღლები ყოფილ სამხედრო ქალაქში 43 წლის ქალს დაესხნენ თავს. სასწრაფო დახმარების მანქანამ დაზარალებული ლუსინე ა. ახალქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც ექიმებმა ქალის ჭრილობები დაამუშავეს. დაზარალებულის მდგომარეობა ნორმალურია.
ლუსინე ა. მაღაზიიდან გამოდიოდა, რომ ელექტროენერგიის გადასახადი გადაეხადა, მაგრამ ნახევარ გზაზე მას ძაღლები დაესხნენ თავს.
„ნახევარ გზაზე ერთად სამი ძაღლი დამესხა თავს, ერთი ცოფიანი იყო, მიკბინეს, მე მარტო ვიყავი, სახეზე, ფეხზე და ხელზე მიკბინეს. ეს საშინელებაა, ქალაქში მარტო სიარული შეუძლებელია, ძალიან ბევრი უსახლკარო ძაღლია, პირველი არ ვარ, ვისაც თავს დაესხნენ, ძაღლები ყოველ დღე ესხმიან თავს ადამიანებს„,- თქვა ლუსინე ა.
ქალის დასახმარებლად მეზობლები მივიდნენ. მათ სასწრაფო დახმარება გამოიძახეს.
ახალქალაქის საავადმყოფოში დაზარალებულს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაუწიეს. ექიმების თქმით, ქალის მდგომარეობა, რომელსაც ძაღლები დაესხნენ თავს, ნორმალურია: მისი ჭრილობები დაამუშავეს და ნემსი გაუკეთეს.
ექიმები ხაზს უსვამენ, რომ ახალქალაქის საავადმყოფოში ყოველდღიურად მინიმუმ სამი ადამიანი მიჰყავთ, რომელსაც უსახლკარო ძაღლები ესხმიან თავს.
ახალქალაქის მოსახლეობამ ადგილობრივ ხელისუფლებას საჩივრებით არაერთხელ მიმართა, რომ ქალაქში უსახლკარო ძაღლების პრობლემა მოეგვარათ, მაგრამ ადგილობრივი თვითმართველობის ოკრგანოების მოქმედებები შედეგს არ იძლევა. აღვნიშნავთ, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად ადგილობრივ ხელისუფლებას შეუძლია მხოლოდ დაჭერა, სტერილირება, ჩიპირება და უსახლკარო ძაღლების უკან დაბრუნება.
უსახლკარო ძაღლების დაჭერის, სტერილიზაციის, ვაქცინაციის, იდენტიფიკაციის და დაბრუნების, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში ევთანაზიის კონკურსი, ახალქალაქში უკვე მეორედ ტარდება. თუმცა უსახლკარო ძაღლების პრობლემას ახალქალაქში ეს არ აგვარებს, კონკურსი რეალიზაციის სტადიას ვერ აღწევს, რადგან გამარჯვებულმა კომპანიამ „დოგი დოქმა“ კონკურსის პირობები გაასაჩივრა.
„დოგი დოქმა“ კონკურსი 20 789 ლარით მოიგო, თავდაპირველი თანხა 25 986 ლარს შეადგენდა. კონკურსის თანახმად, 31 დეკემბრისთვის 142 უსახლკარო ძაღლის დაჭერა იგეგმებოდა.