სკოლის არდადეგებთან ერთად ექსკურსიებიც იწყება. Jnews-მა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ სკოლაში მცირე გამოკითხვა ჩაატარა, რათა გაერკვია, რომელი მიმართულებებია ექსკურსიებზე მოთხოვნადი ჩვენს მოსწავლეებს შორის. შედეგად, აღმოჩნდა, რომ სკოლის მოსწავლეებისთვის ყველაზე სასურველი მიმართულებებია ბორჯომი, საფარის მონასტერი, რაბათის ციხე და ვარძია.

ქალაქიდან და მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის სკოლიდან გავიგეთ, რომ ბავშვებს ძირითადად ვარძიაში, ახალციხეში (რაბათი და საფარა), ბორჯომში ურჩევნიათ წასვლა. მასწავლებლების თქმით, მოსწავლეები ამ ზონებს ძირითადად იმიტომ ირჩევენ, რომ საცურაო აუზებით სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ და ეს ფაქტი ბავშვებს იზიდავს. რაც შეეხება, მაგალითად, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში მოქმედ მუზეუმებს, მათ სკოლის მოსწავლეები სტუმრობენ, მაგრამ ყველა მათგანს არ ანიჭებენ უპირატესობას.

მაგალითად, ახალქალაქის სკოლები სტუმრობენ ჯივანისა და ვაჰან ტერიანის სახლ-მუზეუმებს, მაგრამ სასკოლო არდადეგების დროს ურჩევნიათ მუნიციპალიტეტის გარეთ გასართობ ზონაში წასვლა.

არის სოფლები, სადაც სკოლის მოსწავლეების ნაცვლად მუზეუმებს მასწავლებლები სტუმრობენ. Jnews-თან საუბარში მასწავლებლებმა აღნიშნეს, რომ ბავშვები ირჩევენ იმ მიმართულებებს, სადაც საცურაო აუზი არის, ან ბევრი სმენიათ ამ ადგილის შესახებ და სურთ მისი ნახვა. აქ მნიშვნელოვან როლს თამაშობს უფროსკლასელების აზრიც, რომლებმაც ერთხელ უკვე მოინახულეს ეს ადგილები და რეკომენდაციას უწევენ სხვებს. არიან მასწავლებლებიც, რომლებიც უსაფრთხოების მიზნით ურჩევნიათ ექსკურსიაზე წასვლა სოფლის მახლობლად მდებარე ადგილებში, სადაც არის მდინარე, ფანჩატური ან ბავშვებისთვის ჯერ კიდევ უცნობი სამლოცველოები.

Jnews-ის გამოკითხვაში მონაწილე მასწავლებლებმა აღნიშნეს, რომ სასწავლო წლის განმავლობაში ცდილობენ მოაწყონ სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებშიც მოსწავლეები გადაჰყავთ ახალქალაქის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, ვაჰან ტერიანის სახლ-მუზეუმსა და ჯივანის სახლ-მუზეუმში.

ახალქალაქის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

ის დაარსდა 1965 წელს. მუზეუმს აქვს 7 საგამოფენო დარბაზი, სადაც ყველაფერია წარმოდგენილი: სასოფლო-სამეურნეო ნივთებიდან ხელნაკეთი ხალიჩებამდე, ტილოებიდან ძვირფას საეკლესიო რეესტრებამდე.

ჯივანის სახლ-მუზეუმი

ჯივანის სახლ-მუზეუმი 2016 წელს ახალქალაქის რაიონის სოფელ კარწახში დაარსდა. მუზეუმი აშუღის 170 წლისთავზე გაიხსნა. ეს უნიკალური კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრია როგორც სოფლისთვის, ასევე მთელი რეგიონისთვის. მუზეუმი რეგულარულად აწყობს ღონისძიებებს, რომლებიც ეძღვნება ეროვნულ სიმღერებსა და ცეკვებს, დეკლარაციებს. მუზეუმი ასევე ეროვნული სამოსით სურათების გადაღების შესაძლებლობას იძლევა. არსებობს ტარაზები როგორც ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის და ბავშვებისთვის. ეს არის კარნოს კოსტიუმები, გადაღების ღირებულება – 50 ლარი.

ვაჰან ტერიანის სახლ-მუზეუმი

ვაჰან ტერიანის სახლ-მუზეუმი, რომელიც 1957 წლიდან ფუნქციონირებს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძაში მდებარეობს. მუზეუმის კომპლექსში ასევე შედის სურბ კარაპეტის ეკლესია, რომელიც 1852 წელს ტერიანის ბაბუის, ტერ გრიგორის მიერ აშენდა. 2021 წლის 1 აგვისტოს ცნობილი სომეხი ლირიკოსის ვაჰან ტერიანის სახლ-მუზეუმის მოდერნიზებული საგამოფენო დარბაზის საზეიმო გახსნის ცერემონია გაიმართა.

ქალაქისა და მუნიციპალიტეტის სოფლების სკოლებში ჩამოთვლილი მუზეუმების შესახებ ინფორმაცია თითქმის ყველასთვის ცნობილია, მაგრამ ნინოწმინდის სოფელ სათხას მუზეუმის შესახებ, რომელიც 2019 წელს დაარსდა, ყველამ არ იცის. ალბერტ ისოიანის ეთნოგრაფიულ მუზეუმში წარმოდგენილია მრავალი უძველესი ექსპონატი, მათ შორის თავად ალბერტ ისოიანის მიერ შეგროვებული კოლექციები.

ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ მუზეუმების შესახებ: