ჯავახეთში უმუშევრობის დონე კვლავ მაღალია. შრომის ბაზარზე სხვადასხვა სპეციალისტის ნაკლებობაა, მაგრამ სტატისტიკა აჩვენებს, რომ მსურველთა უმეტესობა ჩვენში მოდურ და მიღებულ პროფესიებს ირჩევს, ადგილობრივი შრომის ბაზრის მოთხოვნები კი სულ სხვაა. სტუდენტები ძირითადად ბიზნესის მენეჯმენტს, სამართალს და ფილოლოგიას ირჩევენ. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი ახალქალაქში აბიტურიენტებს სთავაზობს ორ ფაკულტეტს: ქართულ ფილოლოგიასა და ბიზნესის ადმინისტრირებას. რატომ გაკეთდა აქცენტი ამ ორ სფეროზე, არის თუ არა მოთხოვნა სხვა პროფესიებზე, ამ და სხვა საკითხებზე ვესაუბრეთ ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორს ჟანა ხაჩატურიანს.

– რამდენად მოთხოვნადია სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტები ადგილობრივ შრომის ბაზარზე?

შრომის ბაზრის მოთხოვნის კომპონენტის კლევა“ 2015 წელს ჩატარდა. კვლევა იყო რეპრეზენტაბელური, რადგან მოიცვა საქართველოს 11-ვე რეგიონი. კვლევის შედეგად დასტურდება, რომ უმუშევრობის დონე ჯერ ისევ მაღალია. შრომით ბაზარზე ყველაზე მეტი ორგანიზაცია წარმოდგენილია ვაჭრობის სექტორიდან, კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ დამსაქმებელთა უმრავლესობა უჩივის კადრების კვალიფიკაციას, რაც განათლების დაბალ ხარისხზე მიგვანიშნებს.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფუნქციონირებს უფასო ფაკულტეტები: ისტორია, ქართული ფილოლოგია, ინგლისური ფილოლოგია, ეკონომიკა, ვეტერინარია, ინფორმაციული ტექნოლოგიები, აგრონომია, ეკოლოგია, საჯარო მმართველობა დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა. ახალქალაქში, მესამე კორპუსში ორი ფაკულტეტია ამჟამად, რომელიც სწორედ ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე შეირჩა – ქართული ფილოლოგია და ეკონომიკა. რეგიონის სფეციფიკიდან გამომდინარე, ქართული ფილოლოგია ძალიან მოთხოვნადი გახდა.ჩვენი კურსდამთავრებულები აბარებენ მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდებს წარმატებით, გარკვეული პროცენტი უკვე დასაქმდა საჯარო სკოლებში, ისინი ღირსეულ კონკურენციას უწევენ ძველ კადრებს სკოლაში. ასევე, ეკონომიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებულებიც საქმდებიან ბანკებში, სხვადასხვა ორგანიზაციებში.

რაც შეეხება პროფესიულ სასწავლებელს ახალქალაქში, შემიძლია გითხრათ, რომ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა განპირობებული იყო, სწორედ შრომის ბაზარზე ორიენტირებული კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური კადრების მომზადების უზრუნველსაყოფად. პროფესიული სასწავლებლის შექმნის მთავარი მიზანი გახლავთ, ის, რომ კურსდამთავრებულებმა შექმნან საკუთარი ბიზნესი, თვითდასაქმებას შეუწყონ ხელი. ასევე, აღნიშნული პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა, ხელს შეუწყობს ეთნიკურად დასახლებული მოსახლეობის ინტეგრირებას და მოამზადებს რეგიონისთვის საჭირო და მოთხოვნად კადრებს. პროფესიული განათლების სიკეთეა ასევე ის საკითხი, რომ აქ სწავლა შეუძლიათ როგორც საბაზო და საშუალო საფეხურის კურსდამთავრებულებს, ასევე უმაღლესი განათლების მქონე მოქალაქეებს. ხშირია შემთხვევი, როცა ასაკოვანი მოქალაქეებიც აკითხავენ უნივერსიტეტს , პროფესიული განათლების მისაღებად.

-დასაქმების რა პერსპექტივას იძლევა პროფესიული განათლება?

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფუნქციონირებს პროფესიული განათლების ცენტრი. აქ სტუდენტებს შეუძლიათ ისწავლონ შემდეგ პროგრამებზე: ბუღალტრული აღრიცხვა, კომპიუტერული ქსელი და სისტემა, საბაჟო საქმე, მებოსტნეობა, სატყეო საქმე და ელექტროობა.

როგორც უკვე აღვნიშნე, უნივერსიტეტი ზემოთ ჩამოთვლილი მიზნების გათვალისწინებით ახორციელებს პროფესიულ მოდულურ პროგრამებს ორ ქალაქში: ახალციხესა და ხალქალაქში. ის, რომ ორ ლოკაზიაზე ხორციელდება სწავლება, ამით გაიზარდა ახალგაზრდების პროფესიულ განათლებაში ჩართვის შესაძლებლობა.
ასევე აღსანიშნავია, რომ ახალქალაქში, უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს რეაბილიტირებულ საერთო საცხოვრებელს.

დღეს, ბუღალტრული აღრიცხვა ძალიან მოთხოვნადია ბაზარზე, კვალიფიციური ბუღალტრების ნაკლებობას განიცდის რეგიონი.პროგრამის მიზანია შრომის ბაზარს შესთავაზოს კვალიფიციური ბუღალტერი, რომელიც შეძლებს მონაწილეობა მიიღოს სამეწარმეო და, არასამეწარმეო სახელმწიფო ორგანიზაციის ან კერძო პირის სააღრიცხვო პოლიტიკის დაგეგმვაში.აღნიშნული კვალიფიკაციის პირს შეუძლია დასაქმდეს კერძო და საჯარო უწყებებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში.
ასევე საბაჟო საქმე, რომელიც რეგიონისთვის ძალიან სპეციფიკურია, სასაზღვრო ზონიდან გამომდინარე,ვფიქრობ, დაინტერესებული პირებისთვის ძალიან კარგი შანსია, ამ მიმართულებით განათლების მისაღებად. აღნიშნული პროფესიის მქონე ახალგაზრდებს შეუძლიათ დასაქმდნენ როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში, არასამთავრობო ორგანიზაციებში. აღნიშნულ პირს შეუძლია დასაქმდეს სასაზღვრო გამშვები პუნქტის ოფიცრად და ა.შ.
მოკლედ, მინდა აღვნიშნო, რომ პროფესიული განათლების არსებობა ჩვენს რეგიონში მნიშვნელოვნად დიდ როლს თამაშობს და უახლოეს მომავალში შრომის ბაზარზე არსებული ვითარება, არსებითად შეიცვლება. ნელ-ნელა იცვლება ჩვენი მოქალაქეების მენტალიტეტიც, იაზრებენ რომ უმაღლესი დიპლომის ქონა, არ არის გარანტი სარფიანად დასაქმების. შრომის ბაზარს სჭირდება გარკვეული ხელობის, პროფესიის მქონე კვალიფიციური კადრები.

– აქვთ თუ არა აბიტურენტებს ინფორმაცია შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების შესახებ? ახორციელებს თუ არა თქვენი უნივერსიტეტი საინფორმაციო კამპანიას?

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი მუდამ ზრუნავს აბიტურიენტთა ინფორმირებაზე. ეს, უნივერსიტეტისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია. 21-ე საუკუნეში პიარის გარეშე ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების არსებობა წარმოუდგენელია.ყოველ წელს იმართება უნივერსიტეტში „ ღია კარის დღე“. ღონისძიებას ესწრებიან რეგიონის საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები. აბიტურიენტებსა და მათ მასწავლებლებს უნივერსიტეტში არსებული სიახლეებისა და არსებული პროგრამების სიკეთეებზე ესაუბრება უნივერსიტეტის რექტორი. ასევე, უნივერსიტეტი მიდის რეგიონის ბევრ საჯარო სკოლაში და ადგილზე აცნობს საგანმანათლებლო პროგრამების სიკეთეებს, აძლევენ მოსწავლეებს იმის შანსს, რომ დაფიქრდნენ, გაიაზრონ და ისე მიიღონ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.
მე, როგორც სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, ვცდილობ მოსწავლეები ადრეულ ასაკშივე დავაფიქრო სამომავლო გეგმებზე. ეს, არც თუ ისე მარტივი საქმეა. ხშირად მოსწავლეები ხდებიან მშობელთა ზეგავლენის ან სტრეოტიპების მსხვერპლნი. მოსწავლეებს უნდა მივცეთ შანსი აღმოაჩინონ საკუთარ თავში კონკრეტული სპეციალობისადმი ინტერესი და გარკვეული უნარი. ვიწვევთ წარმატებულ ადამიანებს კონკრეტული სფეროდან, რომელიც გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას.

-უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ თქვენი სტუდენტები სამუშაოდ საზღვარგარეთ მიდიან თუ ადგილზე მუშაობენ. მუშაობენ თა არა თავიანთ სპეციალობით?

სამწუხაროდ, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ყველა სტუდენტის ცხოვრებას თვალს ვერ ვადევნებთ, მეტ-ნაკლებად გვაქვს ინფორმაცია სოციალური ქსელებიდან. ვერ ვიტყვი, რომ ხშირია კურსდამთავრებულთა გადინება ქვეყნიდან, თუმცა არიან ახალგაზრდები, რომლებიც ტოვებენ ქვეყანას უმუშევრობის გამო. სტუდენტი, რომელიც მოდის სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მას კარგად აქვს გააზრებული, რომ უნდა შეისწავლოს სახელმწოფო ენა, კონკრეტული პროფესია და დარჩეს თავის ქვეყანაში.
ადრე თუ იყო ტენდენცია, რომ ახალგაზრდების უმრავლესობა საზღვარგარეთ უნდა დასაქმებულიყო სკოლის დამთავრებისთანავე, კონკრეტულად რუსეთში, საბედნიეროდ იკლო აღნიშნულმა. სტუდენტებმა უნივერსიტეტს ნდობა გამოუცხადეს და არჩიეს საქართველოში განათლების მიღება და აქვე დასაქმება, რაც თავის მხრივ სასიკეთო ფაქტია ქვეყნისთვის.