30 მაისს თბილისში, საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდის ოფისში, რეგიონული მედიისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან მრგვალი მაგიდა გაიმართა. დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ ჟურნალისტები ახალქალაქიდან და ნინოწმინდიდან.
შეხვედრას ესწრებოდნენ პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო საქართველოსთვის“, „აღმაშენებლის სტრატეგია“, „საქართველოსთვის“, „სამართლიანობისთვის“ და „კანონი და სამართლიანობა”. ორგანიზატორების თქმით, მრგვალ მაგიდაზე პარტია „ქართული ოცნებაც“ იყო მიწვეული, რომელმაც მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
მრგვალი მაგიდა „საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება საქართველოში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. იგივე პროექტი მოიცავს შეხვედრების გამართვას ამომრჩეველთა სხვადასხვა ჯგუფთან: ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებთან, რეგიონში მცხოვრებ ქალებთან, სკოლის მოსწავლეებთან, ახალგაზრდა აქტივისტებთან, იძულებით გადაადგილებულ პირებთან.
შეხვედრაზე სხვადასხვა რეგიონის ჟურნალისტებმა პოლიტიკური და სოციალური პრობლემები გააჟღერეს, რომლებსაც მათ მუშაობის პროცესში წააწყდნენ. „უცხოური აგენტების შესახებ კანონის“ მიღების ფონზე პოლიტიკური საკითხები აჭარბებდა სოციალურს.
რეგიონებიდან ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რატომ არიან პოლიტიკური პარტიები უმოქმედო და არ მუშაობენ რეგიონებში. ამ კითხვაზე სრული პასუხი არც ერთმა პარტიამ არ გასცა, მაგრამ ზოგიერთმა თქვა, რომ ყველაფერი ფინანსებთან არის დაკავშირებული, რაც მათ არ აქვთ. პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ საკუთარი მოსაზრებები წარმოადგინეს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმაც.
ასევე განიხილეს ახალი კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და მისი შესაძლო შედეგები საქართველოს არასამთავრობო სექტორსა და მედიაზე.
ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე საკუთარი მოსაზრებები გამოთქვა ზოგიერთი პარტიის წარმომადგენელმა. დისკუსიები იყო ემოციური და კონკრეტული, თუმცა ჟურნალისტებს კონკრეტული პასუხი არ მიუღიათ.