ავიაკომპანია Georgian Airways-ის მიერ დღეს თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით დაგეგმილი პირდაპირი, ერთჯერადი ჩარტერული რეისი გაუქმდა.
როგორც „ინტერპრესნუსთან“ Georgian Airways-ის პრეზიდენტმა თამაზ გაიაშვილმა განმარტა, ამის მიზეზი გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და ჟურნალისტების მიერ ატეხილი აჟიოტაჟია.
„ინფორმაციას გიდასტურებთ. მიზეზი ისაა, რომ მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებაა რუსეთში და საქართველოშიც. ინფიცირებულთა რაოდენობა ორმაგად იზრდება, სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა. ძალიან ბევრი ადამიანი იმის გამო დარჩა, რომ კორონავირუსი შეხვდა.
ასევე ჟურნალისტების აჟიოტაჟმა ითამაშა ძალიან დიდი როლი ამ რეისის გაუქმებაში. ვგულისხმობ იმას, რომ ჩარტერული რეისი სხვადასხვა მიმართულებით სრულდება და აჟიოტაჟი არაფრიდან გამომდინარე ატყდა. მერე რა, რომ მოსკოვში სრულდებოდა ეს რეისი?! ასეთი ძალიან ბევრი ჩარტერული რეისი სრულდება“, – განაცხადა გაიაშვილმა.
გარდა ამისა, მისი განმარტებით, თუ იქნება დაკვეთა, შესაძლებელია მსგავსი რეისები სამომავლოდ ისევ დაიგეგმოს და შესრულდეს.
აღსანიშნავია, რომ Georgian Airways-მა რეისის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად „ფეისბუქის“ გვერდზე გამოაქვეყნა, თუმცა, მოგვიანებით წაშალა. კომპანიის ხელმძღვანელობის განცხადებით, თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი, ერთჯერად ჩარტერულ რეისი ბიზნესმენების დაკვეთით სრულდებოდა.
ამასთან, ავიაკომპანია Georgian Airways-ის პრეზიდენტის, თამაზ გაიაშვილის განმარტებით, სოციალურ ქსელში პოსტის წაშლის მიზეზი ის იყო, რომ რეისის შესახებ ინფორმაცია საინფორმაციო შინაარსის იყო.