13 მაისს პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეთა ჯგუფს თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ. ისინი აგრძელებენ გაფიცვას და მოითხოვენ, რომ მთავრობამ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გადახედოს.
საპროტესტო მარშის დროს სტუდენტებმა საქართველოს ჰიმნი შეასრულეს და ერთხმად სკანდირებდნენ: „არა რუსეთის კანონს!“, „სად მივდივართ? – ევროპისკენ!”.
საპროტესტო მარშს სხვადასხვა უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის სტუდენტები შეუერთდნენ. მათ პროფესიულ თემებზე პლაკატები მოამზადეს და ერთხმად წარმოადგინეს მოთხოვნა და აღნიშნეს, რომ მეცადინეობებს არ დაესწრებიან.
Jnews-თან საუბარში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტმა მაიკო მამისბედაშვილმა თქვა:
„ჩვენს უნივერსიტეტში შესვლის და ლექციებზე დასწრების მიზანი არის კარგი განათლების მიღება და მიღებული პროფესიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. მაგრამ რეალურად, თუ ეს კანონი მიიღება, ჩვენ ვერსად გამოვიყენებთ იმ განათლებას, რომელიც მივიღეთ. არჩევანის წინაშე ვდგავართ: ლექციებზე სიარული ან აქციებში მონაწილეობა, ვფიქრობ, აქციებში ყოფნა უფრო მნიშვნელოვანია, რათა მომავალში ჩვენს მეცადინეობებს აზრი ჰქონდეს და ვიცხოვროთ ევროპულ საქართველოში და არა ისეთ ადგილას, რომელიც გახდა რაღაც რუსული რეგიონი, სადაც ჩვენი პროფესიული შესაძლებლობები არავის არ დააინტერესებს და არ გვექნება მათი გამოყენების უფლება“.
ბევრმა სტუდენტმა აქციის მონაწილეებს ტკბილეულობით გაუმასპინძლდა.