სოფელ თახჩას SJGC კომპანია უზრუნველყოფს გაზით, მიუხედავად იმისა, რომ თახჩა მუნიციპალიტეტის იმ 8 სოფელს შორის არის, რომლებიც GGTC ქართულმა გაზგამანაწილებელმა კომპანიამ მომავალ წელს გაზით უნდა უზრუნველყოს. მაგისტრალური გაზსადენი უკვე მზად არის, გაზიფიკაციის პროექტი მერიაში განსახილველად არის გაგზავნილი. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ 2024 წლის გათბობის სეზონზე თახჩაში ბუნებრივი აირი იქნება.
სოფელ თახჩას გაზიფიკაციის პროცესი გასულ 2023 წელს სოფლის ქველმოქმედებისა და SJGC გაზგამანაწილებელი კომპანიის დაფინანსებით დაიწყო. სამუშაოები ჩატარდა, გაზსადენი თითქმის სოფლამდე მივიდა. შემდეგ ცნობილი გახდა, რომ სოფელ თახჩასა და მუნიციპალიტეტის კიდევ 7 სოფლის გაზიფიკაციით GGTC ქართული გაზგამანაწილებელი კომპანია დაკავდება – ამის შესახებ
ნათქვამია კომპანიის გვერდზე.
ჯავახეთის რომელი სოფლები იქნება გაზიფიცირებული 2024-2025 წლებში
გვერდზე აღნიშნულია, რომ 2024 წელს პროექტების შედგენის სამუშაოები ჩატარდება, ხოლო 2025 წელს — გაზიფიკაცია. Jnews-ი დაინტერესდა, რა ბედი ეწევა სოფელ თახჩას, სადაც SJGC კომპანიამ სამუშაოები თითქმის დაასრულა.
ვრეჟ ბერიკიანმა, SJGC კომპანიის დირექტორმა, ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ სოფელ თახჩას გაზიფიკაციის სამუშაოებს ისინი ახორციელებენ, და ამ ეტაპზე მერიისგან თანხმობას ელოდებიან, რის შემდეგაც გაზის მილებს ხალხის სახლებში გაიყვანენ.
„ჩვენ პროექტი ნებართვისთვის მერიას გადავეცით, ჯერჯერობით საბოლოო პასუხი არ გვაქვს. როგორც კი მივიღებთ, მოვასწრებთ, დავასრულებთ. მაგისტრალური ხაზი გავაკეთეთ, ჩვენს სახელზე უნდა გავაფორმოთ, რომ კონკრეტული სოფლის ლიცენზია მივიღოთ. ამის შემდეგ შევძლებთ გაზის სოფელში გაყვანას“,- განმარტა მან.
მან დაადასტურა, რომ სოფელი თახჩა არ შედის იმ სოფლების სიაში, სადაც გაზიფიკაციას GGTC ახორციელებს. მისი თქმით, შესაძლოა, რომ GGTC კომპანიის მიერ გაზიფიცირებული სოფლები გაზით SJGC-მ უზრუნველყოს.