6 მაისს ჯავახეთში წრატონს აღნიშნავენ. ახალქალაქისა და სოფლების მოსახლეობა ამირანის გორის სალოცავებში დადის, ასევე თაობიდან თაობას გადაცემულ სხვადასხვა ტრადიციებს იცავს.
ყოველწლიურად ახალქალაქის მოსახლეობა დილიდან ამირანის გორაზე, სალოცავებთან მომლოცველობას იწყებს. წელს რაიონში წვიმიანი ამინდია, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ყველაფრის მიუხედავად ტრადიციებს იცავენ და მომლოცველობენ. პირველ რიგში, ეს ეხება იმ ოჯახებს, რომლებშიც ორსული ქალები არიან.
ასეთ ოჯახებში ამ დღეს მიუღებულია მჩხვლეტავი და მჭრელი საგნებით სარგებლობა, რეცხვა და მოხვეტა. თქმულებების მიხედვით, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ მომავალი ბავშვი ჯანმრთელი დაიბადოს.
გარდა ამისა, არსებობს კიდევ ერთი რწმენა, რომლის მიხედვითაც ამ დღეს მუშაობა არ შეიძლება, თორემ ხელები და ფეხები იქნება მოგრეხილი. თუ ადამიანები იძულებულნი არიან რაღაც გააკეთონ, მუშაობის შემდეგ ცოტა ქერს თესავენ. ითვლება, რომ დათესილი ქერის ნერგები დაიგრიხება, რითაც სასჯელი ქერზე გადადის.
სომხური სამოციქული ეკლესია საკუთარ კალენდარში მსგავსი დასახელებით დღესასწაულს არ აღნიშნავს. როგორც სომხური სურბ ხაჩ ეკლესიის მღვდელი ტერ ნარეკ ტიგრანიანი ყვება, არის ბევრი ტრადიცია, რომელიც საზოგადოებაში წარმოუშვა, მაგალითად, აღდგომის დროს კვერცხების გატეხვა ან სურბ სარგისის დღესასწაულის დროს პოხინძზე ჩლიქების კვალი. თუმცა, ეს ტრადიციები მაინც დაკავშირებულია საეკლესიო დღესასწაულებთან ან ეკლესიასთან, ხოლო წრატობი – არა.
“ეს დღესასწაული სომხური სამოციქულო ეკლესიის კალენდარში არ არსებობს. ეს უფრო ჯავახეთში ადგილობრივი ჩვევაა. სომხეთში ეს დღესასწაული არ აღინიშნება. ეს უბრალოდ ლამაზი ჩვევაა, რომელიც საიდანღაც წარმოიქმნა, მაგრამ ეკლესიასთან ნამდვილად არ არის დაკავშირებული. ეს უფრო მოსახლეობასთან არის დაკავშირებული, რაღაცასთან, რაც, სამწუხაროდ, ჩვენთვის უცნობია. ლამაზი ტრადიციაა, ბრჭყალებში. სამწუხაროდ, ის, რომ წრატონის დროს დანას არ იყენებენ, რომ ამ დღეს მუშაობა არ შეიძლება – ამ ცრურწმენას ღმერთთან არანაირი კავშირი არ აქვს. ამბობენ, რომ თუკი სახლში ფეხმძიმე ქალები არიან, ბავშვს ექნება ნიშანი, თუკი ჩვეულებებს დაარღვევენ. ეს უბრალოდ ცრურწმენაა”,- ამბობს ტერ ნარეკ ტიგრანიანი.