ახალქალაქის მუნიციპალიტეტში რამდენიმე წელია სოფლებში ნაგვის გატანის აქტიური პროცესი მიმდინარეობს. ამ დროისთვის, სერვის ცენტრის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის 16 სოფელს აქვს საკმარისი რაოდენობის სანაგვე ურნები და ამ სოფლების მცხოვრებლები ნაგვის გატანის გადასახადს იხდიან. სხვა სოფლებშიც არის ნაგვის ურნები დამონტაჟებული, მაგრამ არასაკმარისი რაოდენობით. 2023 წელს მოსახლეობამ ნაგვის გატანის მთლიანად 141 ათასი ლარი გადაიხადა.
საკრებულოს 2022 წლის მაისში მიღებული გადაწყვეტილებით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ნაგვის შეგროვებისთვის ერთი ადამიანის გადასახადი 0,50 თეთრს შეადგენს, თუმცა თუ ოჯახში 4 ადამიანზე მეტი ცხოვრობს, მხოლოდ 4 ადამიანის უნდა გადაიხადონ, რაც თვეში 2 ლარს შეადგენს.
2023 წელს მუნიციპალიტეტისა და ქალაქ ახალქალაქის 16 სოფლიდან ნაგვის გატანის გადასახადი 68 000 ლარი შეგროვდა, იურიდიული პირებიდან კი 73 000 ლარი. ახალქალაქის სერვის ცენტრის დირექტორი მხითარ რსტაკიანი ამბობს, რომ ყოველწლიურად შეგროვებული თანხის ოდენობა იზრდება, რადგან სოფლების რაოდენობა თანდათან იზრდება, სადაც საკმარისი რაოდენობის სანაგვე ურნებია დამონტაჟებული და ამ სოფლების მცხოვრებლები ნაგვის საფასურის გადახდასაც იწყებენ.
რსტაკიანი ამატებს, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მიღებამდე ნაგვის გადასახადს ოჯახის ყველა წევრი იხდიდა.
„ჩვენ სიაც გვაქვს, რომლის მიხედვითაც ნაგვის გადასახადი გროვდება და ეს ყველაფერი ქვითრითაც არის გაფორმებული. საგადასახადოდან ვიღებთ დანომრილ ქვითრებს, ერთი ქვითარი ორი ნაწილისგან შედგება, ერთს ვაძლევთ გადამხდელს, მეორე რჩება ჩვენთან“, – ამბობს მხითარ რსტაკიანი.
ის ასევე არ უარყოფს, რომ არიან ადამიანები, რომლებიც უარს ამბობენ ნაგვის გატანის გადასახადის გადახდაზე, მაგრამ ისინი ვერაფერს გააკეთებენ, ვინაიდან კანონმდებლობა სანქციებს არ ითვალისწინებს.
სოფლებსა და ქალაქებში ნაგვის გადასახადის აკრეფის დღე არ არის განსაზღვრული, ზოგ სოფელში წელიწადში ერთხელ აგროვებენ, ზოგში ორჯერ. სერვის ცენტრში დასაქმებულია 18 თანამშრომელი, რომლებიც ნარჩენების შეგროვების საფასურს 16 სოფელსა და მუნიციპალიტეტის ქალაქში აგროვებენ.
აღნიშნულ თემაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ: სახელმწიფო აუდიტის შედეგები ახალქალაქში ნაგვის შეგროვების საფასურთან დაკავშირებით
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლებში საქმიანობასთან დაკავშირებით შესაბამისი აუდიტი ჩაატარა, რითაც სერვის ცენტრში არაერთი შეუსაბამობა გამოავლინა.
მათი მონაცემების მიხედვით, 2021 წელს მერიის ბიუჯეტში ნაგვის გატანის საფასურის სახით შემოსულმა თანხამ 87,4 ათასი ლარი შეადგინა, ხოლო 2022 წელს – 135,1 ათასი ლარი. მერიას ნაგვის შეგროვების გადამხდელთა მონაცემთა ბაზა არ გააჩნია, რომლის დახმარებითაც მიღებული შემოსავლის სრულად აღრიცხვა იქნებოდა შესაძლებელი. შედეგად, მერიას ნაგვის შეგროვების საფასურის სახით მიღებული შემოსავლების შესახებ სრული ინფორმაცია არ გააჩნია.
სერვის ცენტრის დირექტორმა მხითარ რსტაკიანმა გვაცნობა, რომ მათ აქვთ მონაცემთა ბაზა, ვინც ნარჩენების გატანის გადასახადს იხდის, ხოლო რაც შეეხება შეგროვებულ თანხას, მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ შეგროვებული თანხის რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, რადგან სოფლების რაოდენობა, სადაც საკმარისი რაოდენობის ნაგვის ურნებია დამონტაჟებული, რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ის სოფლები, სადაც ნაგვის ურნები დგას, მაგრამ მცირე რაოდენობით, მერიის გადაწყვეტილებით არ იხდიან ნაგვის გადასახადს.