წელს საქართველოში მორიგი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, რომელიც პარლამენტის მიერ 2020 წელს მიღებული ცვლილებების შედეგად, სრული პროპორციული წარმომადგენლობის ახალი საარჩევნო სისტემით ჩატარდება. Jnews-ი ესაუბრა მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის თავმჯდომარეს გია ნოდიას პოლიტიკურ ასპარეზზე ძალთა ბალანსის შესახებ, რას უნდა ველოდოთ ამ არჩევნებისგან, როგორ იმოქმედებს ახალი საარჩევნო სისტემა ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლობაზე და მრავალ სხვაზე.
საერთოდ რას შეიძლება ველოდოთ ამ არჩევნებისგან?
– ვფიქრობ, შეიძლება არჩევნები დაძაბული იყოს. არა მგონია, რომ შედეგის ცალსახად პროგნოზირება შესაძლებელია. არის რეალური შანსი, რომ კვლავ მმართველი პარტია გაიმარჯვებს, მაგრამ ამის არავითარი გარანტია არ აქვს, შეიძლება ოპოზიციამაც გაიმარჯვოს. და ფაქტობრივად, არჩევანი ორ ვარიანტს შორისაა: ან მმართველი პარტია დარჩება ხელისუფლებაში, ან მოვა სხვადასხვა ოპოზიციური ძალების კოალიცია. რა თქმა უნდა, არის მესამე ვარიანტიც, რომელიც შედარებით ნაკლებად მოსალოდნელი მეჩვენება, ეს არის „ქართული ოცნების“ კოალიცია სხვა პარტიასთან.
როგორია ძალთა ბალანსი ამ მომენტში პოლიტიკურ ასპარეზზე? რა პარტიებთან გვაქვს საქმე?
– „ქართული ოცნება“, ეს გასაგებია, სიძლიერე სტაბილურია. მაგრამ რაც შეეხება ოპოზიციურ სპექტრს, ისევ დაბნეულობა და მერყეობაა, პარტიები ჯერ კიდევ იმ ეტაპზე არიან, როცა ყველა პარტნიორს ეძებს, ყველა წყვეტს, რა ფორმატში მივიდეს არჩევნებზე. იქიდან გამომდინარე, რომ 5%-იანი ბარიერია და ოპოზიციურ პარტიებს შორის, ვფიქრობ, მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას აქვს გარანტირებული 5%-ზე მეტი, არის გახარიას პარტიაც, რომელსაც ბარიერის გადალახვის შედარებით მეტი შანსი აქვს, თუმცა გარანტიები არ არსებობს. არის კიდევ რამდენიმე პოლიტიკური პარტია, რომლებსაც ბარიერის გადალახვის ძალიან მცირე შანსი აქვთ. განიხილავენ ერთიანი სიების სხვადასხვა ფორმულებს და ვფიქრობ, ეს ფორმულები მოიძებნება და ოპოზიცია 2-3 ასეთი სიით იქნება წარმოდგენილი.
როგორ ფიქრობთ, როგორი იქნება მმართველი პარტიისა და ოპოზიციის ქცევის სტრატეგია ცენტრში და რეგიონებში?
– ვფიქრობ, განსაკუთრებული პრინციპიალური ახალი სტრატეგიები არ იქნება. დაპირებებს მისცემენ და ერთმანეთს გააკრიტიკებენ. მმართველ პარტიას ყოველთვის მეტი რესურსი აქვს, ვიდრე ოპოზიციას. ბუნებრივია, მმართველი პარტია ხარჯებს არ დაზოგავს, რადგან მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გამარჯვება.
რამდენად იქნება ფალსიფიკაცია?
– ბოლო წლებში გაყალბებები, ძირითადად, არჩევნების დღეს არ ხდება, თუმცა, მაინც ეგრეც ხდება, მაგრამ, ძირითადად, არჩევნებამდე ყველა სახის უკანონო ხერხს იყენებენ, ამომრჩევლის დაშინების, მოსყიდვის გზით.
იქნება თუ არა მმართველი პარტიის ტრადიციული აქცენტი ბიზნესზე, ბიზნესთან ვაჭრობაზე?
– დიახ, რა თქმა უნდა, ყოველთვის რაღაცნაირად ეთანხმებიან ბიზნესს, რომ რაღაც საგადასახადო ჯარიმებს ვაპატიებთ, მაგრამ თუ ლოიალური არ იქნებიან, მაშინ იქნება შემოწმება და ა.შ. ეს აპრობირებული მეთოდია და არა მგონია, „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვას.
როგორ ფიქრობთ, რა არის მიზეზი იმისა, რომ რეგიონებში ხელისუფლებაში მყოფი პარტია დიდი სხვაობით დამაჯერებლად იმარჯვებს?
– რეგიონებში ნაკლებად ჩანს დამოუკიდებელი პოლიტიკური აქტივობა. ოპოზიციის სიძლიერე დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დამოუკიდებელი პოლიტიკური აქტივობაა, რამდენად პოლიტიზირებულია მოსახლეობა, რეგიონებში კი ხალხი უფრო შორდება პოლიტიკას და ეს მმართველ პარტიას ამოცანას უადვილებს.
წელს პირველად გვექნება არჩევნები უმრავლესობის დეპუტატების გარეშე. როგორ ფიქრობთ, როგორ იმოქმედებს ეს პარლამენტში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლობაზე?
– ფაქტობრივად, პარტიის სტრატეგიაზეა დამოკიდებული, რამდენად შეიყვანენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს თავიანთი სიების გამსვლელ ნაწილში. ვფიქრობ, ეს, ალბათ, გამოიწვევს პარლამენტში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლობის შემცირებას. მაგრამ ვინმე აუცილებლად იქნება წარმოდგენილი ამ სიებში. ზოგადად, პროპორციულ სისტემაზე გადასვლას აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარე. ვფიქრობ, ჩვენს პირობებში უფრო მეტი დადებითი მხარეა, მაგრამ უარყოფითი მხარე, პირველ რიგში, არის ის, რომ ნებისმიერი რეგიონი – არა მარტო ეროვნული უმცირესობები – ნაკლებად იქნება წარმოდგენილი. სიმძიმის ცენტრი ყოველთვის თბილისში იყო გადატანილი, ხოლო ახლა ეს ტენდენცია გაძლიერდება.
დადებითი ის არის, რომ მაჟორიტარული არჩევნების კომპონენტი ყოველთვის მმართველი პარტიის სასარგებლოდ მუშაობდა. საქართველოში ძნელია არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა, ეს უკვე დემოკრატიის პრობლემაა, დემოკრატიაში არ უნდა იყოს რთული ხელისუფლების შეცვლა. მაჟორიტარულ არჩევნებში მმართველ პარტიას ყოველთვის აქვს მეტი შანსი, რომ თავისი კანდიდატი გაიყვანოს. პროპორციულ არჩევნებში კი, თუ პარტია 50%-ს ვერ მიუახლოვდება, ეს ნიშნავს, რომ წააგებს და ან ვიღაცასთან კოალიციაში უნდა შავიდეს, ან ძალაუფლება დათმოს.