მთიან ყარაბაღში ომი მაშინ დაიწყო, როდესაც საქართველოში წინასაარჩევნო აქტიურობა იწყებოდა. ჯავახეთის მოსახლეობა, მხოლოდ ომის სიახლეებს ადევნებდა თვალს და არ ინტერესდებოდა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებით. ჯავახეთი სამოქალაქო აქტიურობით არ გამოირჩეოდა, მაგრამ არჩევნებზე უფრო მაღალი აქტიურობა გამოიჩინა, ვიდრე ჩვეულებრივ. ჯავახეთის ზოგიერთი ამომრჩევლის არჩევანზე ყარაბაღის ომის ექო აისახა.
2020 წლის პირველ სექტემბერს ახალქალაქში ისევე, როგორც მთელ საქართველოში წინასაარჩევნო აგიტაცია დაიწყო. დროდადრო ჩნდებოდა ინფორმაცია საკანონმდებლო ორგანოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ამასთანავე ახალქალაქში არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სახეების პლაკატები და ბანერები გაჩნდა. COVID-19-ის გამო შეზღუდული შესაძლებლობების პირობებში ზოგიერთმა პარტიამ სოფლებში წინასაარჩევნო აგიტაციის გამართვა მოასწრო, ზოგი მაგ დროს იწყებდა და ზოგმა საერთოდ ვერ მოასწრო, რადგან 27 სექტემბერს მთიან ყარაბაღში ომი დაიწყო. ჯავახეთის მოსახლეობას არჩევნებისთვის არ ეცალა.
სოფელ ვარევანის კლუბი. აქ სოფლის მოსახლეობა მთიან ყარაბაღში გაგზავნისათვის შემოწირულობებს აგროვებდა
ჯავახეთში მოსახლეობა წინასაარჩევნო პერიოდში ისედაც არ იჩენდა აქტიურობას, თუმცა ყარაბაღში ომთან დაკავშირებით ხალხი უფრო გაუცხოვდა.
პარტიებმა, რომლებიც მოსახლეობის ხმის მოპოვებას ცდილობდნენ, ასევე მაჟორიტარმა კანდიდატებმა გადაწყვიტეს წინასაარჩევნო კამპანია არ გაეგრძელებინათ.
სამოქალაქო მოძრაობა “მრავალეროვანი საქართველოს” თავმჯდომარის, არნოლდ სტეფანიანის აზრით, წინასაარჩევნო აგიტაციის ჩატარების მორატორიუმი პატრიოტიზმის მიმართულებით დაიწყო.
“ჯავახეთში, ასევე, იმოქმედა იმან, რომ მორატორიუმი გამოცხადებული იყო (არაფორმალურად) წინასაარჩევნო კამპანიაზე, რაც ფაქტობრივად ბლეფი იყო. პოლიტიკური პარტიები და კანდიდატები აქტიურად განაგრძობდნენ წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებას, მაგრამ ეს ყველაფერი ერთი მიმართულებით წავიდა, ანუ სოციალური ხასიათის ყველა საკითხმა უკანა პლანზე გადაინაცვლა და დაიწყო შეჯიბრი, ვინ უფრო პატრიოტია,” – ამბობს არნოლდ სტეფანიანი.
მოსახლეობას შორის აპათია ნათელი იყო. ოქტომბრის დასაწყისში JNEWS-ის ჟურნალისტები წინასაარჩევნო მასალების გაკეთებას ცდილობდნენ, ცდილობდნენ მოსახლეობის ხმა კანდიდატებამდე მიეტანათ. თუმცა, ეს ყველგან ვერ ხერხდებოდა. სოფელ ვაჩიანში ჟურნალისტების შეკითხვებზე, თუ რა პრობლემები აწუხებდა სოფელს, მოსახლეობამ საყვედური გამოთქვა: – “რა დროს არჩევნებია, იქ ჩვენი ახალგაზრდები იღუპებიან, თქვენ კიდევ არჩევნებზე საუბრობთ, ვინ წავა არჩევნებზე?” მსგავსი პასუხები იყო ჯავახეთის ბევრ სოფელში. მოსახლეობის მსგავსი დამოკიდებულება არჩევნებზე დაბალი აქტიურობის მაჩვენებელი იყო. თუმცა, ჯავახეთის მოსახლეობამ 5,25%-ით მეტი აქტიურობა აჩვენა, ვიდრე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.
Made with Visme Infographic Maker
ჯავახეთის მოსახლეობის შედარებით მაღალმა აქტიურობამ ასევე არნოლდ სტეფანიანი გააოცა, თუმცა ამ აქტიურობის მიზეზებზე ექსპერტი არ საუბრობს, ამბობს, რომ მთელ საქართველოში აქტიურობა შედარებით მაღალი იყო.
ყარაბაღის ომმა, უფრო სწორად მისმა ექომ, არჩევნების შედეგებზე იმოქმედა. სომხური მოსახლეობით დასახლებულ ჯავახეთში ამომრჩევლის არჩევანზე დიდი გავლენა მოახდინა ოპოზიციური პარტიის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის, განცხადებამ.
“ჩემი პოზიცია ნათელია. ის ხელისუფლების მთლიანობის პრინციპზეა დაფუძნებული. ანუ, მთიანი ყარაბაღი – აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიაა და ამას ვერაფერი შეცვლის»,- საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პრემიერ-მინისტრის კანდიდატმა, მიხეილ სააკაშვილმა, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამწვავებაზე.
არნოლდ სტეფანიანის აზრით, მთიანი ყარაბაღის ომმა ცალსახად იმოქმედა არჩევნებზე იქ, სადაც ეთნიკურად სომეხი და აზერბაიჯანელი მოსახლეობა ცხოვრობს, ეს არის ჯავახეთი, ქვემო ქართლი, ნაწილობრივ კახეთი და თბილისი.
“პირდაპირ ყარაბაღის კონფლიქტმა არ იმოქმედა, არამედ პოლიტიკოსების ქმედებებმა, რომლებიც ამა თუ იმ პარტიებთან ასოცირდებიან, ან პარტიებით ხელმძღვანელობენ. მაგალითად, სააკაშვილი. სააკაშვილის განცხადება ორი პოლიტიკოსის განცხადებისათვის კატალიზატორი გახდა, რომლებიც კონფლიქტის თაობაზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას ჩქარობდნენ და ეს ძირითადად რეგიონალური პოლიტიკის დონეზე კეთდებოდა, ყველაზე მეტად ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ გამოიჩინა თავი. სამცხე-ჯავახეთში მოხდა ის, რომ სომხურმა მოსახლეობამ ამის შემდეგ «ნაციონალურ მოძრაობას» პრაქტიკულად ხმა არ მისცა. და ის პროცენტები, რომელიც სააკაშვილმა ჯავახეთში მიიღო – არის მინიმალური მაჩვენელი იმ დროის განმავლობაში, რაც «ნაციონალური მოძრაობა» ოპოზიციაში იმყოფება. ხოლო ქვემო ქართლში, სადაც აზერბაიჯანელები ცხოვრობენ, მათ ჩვეულებრივზე მეტი ხმა მიიღეს,” – ამბობს არნოლდ სტეფანიანი.
თუკი ჯავახეთში 2016 წელს სააკაშვილის პარტია ამომრჩევლების ხმის 20,32% იღებდა, 2020 წელს სულ რაღაც- 3,92% მიიღეს.
საქართველოში ჩატარებული არჩევნებისა და ყარაბაღის ომის დასრულების შემდეგ, ჯავახეთში ამბობენ, რომ ყარაბაღის ომის გამო გულში აუტანელი ტკივილის მიუხედავად, არჩევნებში მონაწილეობა არაფერს უშლიდა ხელს.
სოფელ ვარევანში ასევე დარწმუნებულნი არიან, სააკაშვილის განცხადებამ «ნაციონალურ მოძრაობას» ხმები დააკარგინა.
სოფელ ვარევანის მცხოვრების თქმით, მათ სოფელში «ნაციონალურმა მოძრაობამ» რამდენიმე ხმა მიიღო, “ისინიც ისეთების, ვინც მისი ხალხი იყო და იძულებულნი იყვნენ”.
«ის ტკივილი, რაც ყარაბაღის გამო გვაქვს გულში, აუტანელი ტკივილია, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში არჩევნები იყო და როგორ შეგვეძლო იგნორირება… ჩვენი ვალი მოვიხადეთ. ყოველგვარი დაბრკოლებისა და პრობლემის გარეშე, მშვიდად, მშვიდობიანად. ნებისმიერს ვირჩევდით, ერთის გარდა. ერთადერთი მიზეზით, რომ სააკაშვილს პატივს არ ვცემთ. მან ტკივილი მოგვაყენა. მას ეს არ უნდა ეთქვა. ჩვენ ის აღარ გვიყვარს.
არჩევნების შედეგებით გაიმარჯვა «ქართული ოცნების» მაჟორიტარმა კანდიდატმა, სამველ მანუკიანმა, რომელმაც ხმების 61.48% მიიღო. დამოუკიდებელმა კანდიდატმა ენზელ მკოიანმა ხმების 20.04%-ით მეორე ადგილი დაიკავა. «ნაციონალური მოძრაობის» კანდიდატმა, მელიქ რაისიანმა ხმების 4.04% მიიღო.
Made with Visme Infographic Maker
სააკაშვილის განცხადებამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა «ევროპული საქართველოს» პარტიის კანდიდატის, არსენ კარაპეტიანის რეიტინგზეც. ფეიკ გვერდები, რომლებმაც გაავრცელეს ფოტოები, სადაც მიხეილ სააკაშვილი და ვანო მერაბიშვილი ჯერ კიდევ მაშინ ნინოწმინდის პოლიციის სამმართველოს უფროსის თანხმლებით, კანდიდატის სააკაშვილთან ყოფილ კავშირზე უთითებდა, ამომრჩეველს «კარნახობდა» მისთვის ხმა არ მიეცათ.
არსენ კარაპეტიანი, რომელიც მაჯორიტარი დეპუტატობის კანდიდატად პარტია «ევროპული საქართველოდან» იყო წარდგენილი, მიიჩნევს, არჩევნები სამართლიან გარემოში რომ ჩატარდებულიყო, სააკაშვილის განცხადება რომ არ ყოფილიყო, ფეიკებს რომ არ ემუშავა, ჯავახეთში მეორე ტური იქნებოდა.
«თუკი თითოეული მხარე- მონაწილე თავს შეიკავებდა, ვფიქრობ, დიდი ალბათობით მეორე ტური შედგებოდა. დიახ, რა თქმა უნდა, სააკაშვილის განცხადება ჩემს წინააღმდეგ გამოიყენეს, და ეს უსამართლობაა, ფეიკ გვერდებმა არჩევნების შედეგებზე იმოქმედეს, ეს არ არის სადავო,” – ამატებს არსენ კარაპეტიანი.
სააკაშვილის განცხადებამ ყველაზე მეტი ხმა მისივე პარტიის კანდიდატს მელიქ რაისიანს წაართა.
“მისასალმებელია, რომ ჩვენს სომეხს მოსახლეობაზე მთიანმა ყარაბაღმა ასე იმოქმედა. პატრიოტიზმი აამაღლა. საქართველოს სხვა პოლიტიკოსებიდან ვინმეს უთქვამს, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგია? სალომე ზურაბიშვილს, განა უთქვამს როდესმე, რომ ის აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგია? საქართველოში არ არიან პოლიტიკური მოღვაწეები, რომლებიც იტყვიან, რომ ტერიტორიული მთლიანობის წინაღმდეგ და თვითგამორკვევის პრინციპის მომხრე არიან,” – ამბობს მელიქ რაისიანი.
უკვე პარლამენტის დეპუტატი «ქართული ოცნების» პარტიის მხრიდან სამველ მანუკიანი მიიჩნევს, რომ ყარაბაღის ომმა არჩევნების შედეგებზე არ იმოქმედა.
“მართალია წინასაარჩევნო აგიტაციის ნორმალურად განხორციელება ვერ მოვახერხეთ, როგორც ვგეგმავდით. ხალხთან შეხვედრა ვერ მოვახერხეთ, მათთან საუბარი, მათი პრობლემების მოსმენა, მაგრამ არჩევნების შედეგებზე, არც ისე დიდი ზეგავლენა მოახდინა,” – ამბობს ის.
ექსპერტი, პოლიტოლოგი ლაშა ტუღუში აცხადებს, რომ ყარაბაღის ომი ძალიან რთულია საქართველოსთვის. პირველ რიგში, იმიტომ, რომ საქართველოში დიდი ოდენობით ეთნიკურად სომეხი და აზერბაიჯანელი ცხოვრობს.
” რასაკვირველია, საქართველო, იმ პროცესებს, რაც იქ ხდება, გვერდიდან ვერ დაუწყებს ყურებას. ეს ერთი საკითხია. სხვა საკითხია ისტორიული მომენტი. მას ახლო ურთიერთობები აქვს, როგორც აზერბაიჯანთან, ასევე სომხეთთან. ეს ურთიერთობები საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ არ დაწყებულა. ქართველები ამ ტკივილს გრძნობდნენ, ჩვენთვის ეს უბრალო ომი არ იყო. საქართველო ცდილობდა ნეიტრალური ყოფილიყო, რადგან ის, რომელიმე ქვეყნის მხარეს ვერ იქნება,” – ამბობს ტუღუში.
2020 წლის შემოდგომა ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური სომხებისთვის რთული იყო. ხალხი საკუთარი ერის მიმართ საფრთხეს გრძნობდა. მეორე მხრივ, საჭირო იყო მოქალაქეობრივი ვალის მოხდა. თუმცა, საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ არჩევნებზე მოსახლეობის მუდმივი აპათია არჩვენებზე გაზრდილ აქტიურობაში აისახა.