მცირე ფერმერები-მეცხოველეები ჩივიან, რომ ყველის მწარმოებლები ყველს რძის ფხვნილისგან ამზადებენ, ამიტომ ნატურალურ რძეზე მოთხოვნა დაეცა და ის დაბალ ფასებში იყიდება. ადგილობრივი რძის მწარმოებლები ამბობენ, რომ თავად ამუშავებენ ადგილობრივ, ნატურალურ რძეს, მაგრამ კონკურენციას ვერ უწევენ მათ, ვინც ფხვნილისგან აწარმოებს ყველს, ამიტომ რძეში მეტის გადახდას ვერ ახერხებენ. რა მდგომარეობაა ყველის წარმოების კონტროლთან დაკავშირებით Jnews-ი სურსათის ეროვნულ სააგენტოში დაინტერესდა.

თითქმის ერთი წელია ჯავახეთში ფერმერები რძის დაბალ ფასს უჩივიან. მათი თქმით, მათთვის 1,2 ლარი მიუღებელია, თუმცა ამ ფასად ჩაბარების გარდა სხვა გზა არ აქვთ. აქამდე რძეს 1,8 ლარად აბარებდნენ, რამაც პირუტყვის რაოდენობის გაზრდას შეუწყო ხელი.

ერთ-ერთი მათგანია ვარაზდატ აკოპიანი სოფელ დადეშიდან. მაგრამ ახლა მეცხოველეობა მისთვის წამგებიანი ბიზნესი გახდა.

„წელს, ზამთარშიც კი არ გაძვირებულა რძის ფასი. რძისთვის ამაზე მეტს არ გვაძლევენ, ამბობენ, რომ მათი პროდუქცია არ იყიდება. არ არსებობს კანონი, რომელიც პროცესს გააკონტროლებს, ხოლო ისინი რამდენსაც უნდათ, იმდენს გვაძლევენ. დღეში 200 ლიტრი რძე მაქვს, რა ვქნა?“ – ამბობს ვარაზდატ აკოპიანი.

იმავე მდგომარეობაში აღმოჩნდა გარნიკ ვარდერესიანიც.

„1,20 ლარად ვაბარებ, მომგებიანი არ არის, მაგრამ გამოსავალი არ არის. 20 ძროხა მყავს, რძეს არ ვიცით რა ვუყოთ. ადრე 1-2 ძროხა მყავდა, შემდეგ გავზარდე რაოდენობა, რადგან რძე გაძვირდა. მყიდველი ნინოწმინდიდან არის, მაგრამ დილიფიდანაც არის“, – ამბობს გარნიკ ვარდერესიანი.

ნინოწმინდის ყველის მწარმოებელი არკადი ზალალიანი ამბობს, რომ რძეში მეტის გადახდას ვერ შეუძლია, რადგან მისი ყველი სხვა ყველთან შედარებით კონკურენტუნარიანი აღარ არის.

„ზამთარში რძის შესყიდვის ფასი 10 თეთრით გავზარდე, მაგრამ იძულებული გავხდი ისევ დამეწია, რადგან დიდ ქალაქებში პროდუქტის (ყველი) ფასი შემცირდა, ჩემი ყველი ძვირია და ამის გამო არ იყიდება. იაფიანი ყველი ჩემთვის კონკურენტულია და ხელს უშლის ჩემი ყველის რეალიზაციას. მე ყველს ნატურალური რძისგან ვაკეთებ და არა ფხვნილისგან, ამიტომ ძვირია. ხოლო ხალხი იაფად ყიდულობს, ზოგი ძვირად ყიდულობს, რადგან გემო იცის, მაგრამ ისინი ცოტას ყიდულობენ. ყველას იაფიანი პროდუქტის ყიდვა უნდა“, – ამბობს არკადი ზალალიანი.

როგორია ჯავახეთში ყველისა და რძის პროდუქტების წარმოებაზე კონტროლი, რა სტანდარტებია და შეიძლება თუ არა ფხვნილიდან ყველის წარმოება, Jnews-მა ამ კითხვებით სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიმართა და პასუხს ელოდება.