ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მიწათმოქმედები კვლავ კარტოფილის რეალიზაციის პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ. ფერმერები მიზეზს აზერბაიჯანიდან მსხვილი მყიდველების არარსებობით ხსნიან. ფერმერებს შარშანდელი სიტუაციის გამეორების ეშინიათ, როცა კარტოფილი ნაგავსაყრელზე აღმოჩნდა, თუმცა მათ არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ. მუნიციპალიტეტის შორეულ სოფლებში კარტოფილის მყიდველები საერთოდ არ ჩადიან, ქალაქთან ახლოს მდებარე სოფლებში კი მყიდველ-გადამყიდველი ცოტაა. სოფლებში დღეში მხოლოდ ერთი გადამყიდველი ჩადის და დაბალ ფასად – 50-70 თეთრად – ყიდულობს.

სოფელ ალასტანიდან სიმონ მანანიანი ამბობს, რომ სოფელში ბევრი კარტოფილია და მყიდველი არ არის.

“ერთხელ გავყიდე ახალ წლამდე და სულ ეს არის. ხოლო ვისაც სხვა ქალაქებში მიაქვს, ძნელად და ძალიან იაფად ყიდის”, – თქვა სიმონ მანანიანმა.

სოფელ იხტილაშიც ბევრი კარტოფილია. არტავაზდ დარბინიანი ერთ-ერთი მათგანია, ვისაც კარტოფილი ჯერ არ გაუყიდია.

„დიდია შესაძლებლობა, რომ შარშანდელ სიტუაციაში აღმოვჩნდებით“, – თქვა არტავაზდ დარბინიანმა.

მისი თქმით, სოფელში 200 ტონამდე კარტოფილია გასაყიდი.

სოფელ ჩამდურიდან არმიკ მურადიანი ამბობს, რომ მყიდველები მათ სოფელში ჩადიან, მაგრამ იაფად ყიდულობენ.

„მყიდველები არიან, მაგრამ 60-70 თეთრს იძლევიან, ეს არ არის მომგებიანი. 50 თეთრი დამიჯდა მე, მაგრამ სხვა გზა არ არის, ვყიდით ცოტ-ცოტას, შემოდგომაზე ცოტა გავყიდე და ეგაა, მაგრამ ახლა ფასს აღარ ვუყურებ, რამდენსაც არ უნდა იძლეოდნენ ვყიდი, ოღონდ იყიდონ“, – ამბობს არმიკ მურადიანი.

სოფელ მურჯახეთიდან ენოკ ბაბაჯანიანი ამბობს, რომ ფასი ხარჯებს არ ფარავს. მან 5 ჰექტარი კარტოფილი დათესა.

„თუ მყიდველებს ვპოულობთ, ვყიდით. მიზეზი არის ის, რომ რუსეთიდან და ბელორუსიდან ბევრი კარტოფილი მიდის აზერბაიჯანში. ადრე აზერბაიჯანლები ძირითადად ჩვენს კატოფილს ყიდულობდნენ. შემოდგომაზე აზერბაიჯანელები არ იყვნენ, არც ახლა არიან. ახლა ჩვენთან ყიდულობენ 50 თეთრად, მაგრამ დიდ ქალაქებში მაღაზიებში კარტოფილის ფასი არ დაცემულა, 1 ლარი და მეტი ღირს. გადამყიდველები იგებენ. არ მესმის სიტუაციის მიზეზი. მე ჯერ კიდევ 15 ტონა კარტოფილი მაქვს გასაყიდი. დღეში მხოლოდ ერთი მანქანა შემოდის ჩვენს სოფელში“, – ამბობს ენოკ ბაბაჯანიანი.

საშუალოდ, კარტოფილის თვითღირებულება, ფერმერების თქმით, 45-48 თეთრია.

ენოკ ბაბაჯანიანმა გამოთვლები გააკეთა, რომლის მიხედვითაც, 1 ჰექტარი კარტოფილის გადამუშავება, თუ ფერმერს ტექნიკა აქვს, 5000 ლარი ჯდება, ხოლო თუ საკუთარი ტექნიკა არ აქვს – 8000 ლარი.

იგივე ვითარებაა სოფელ დილისკაშიც. ჰოვანეს გაბრიელიანი ამბობს, რომ მათ სოფელში დაახლოებით 6-7 ათასი ტ კარტოფილია.

“ბელორუსიიდან ბევრი კარტოფილი შეაქვთ აზერბაიჯანში. ამბობენ, რომ მართალია ცოტა ძვირია, მაგრამ ლამაზი და ხარისხიანია. გაუგებრობაში ვართ, და არ ვიცით რა გავაკეთოთ”, – ამბობს ჰოვანეს გაბრიელიანი.

საუბრისას ბევრი შიშობს, რომ იძულებული გახდება კარტოფილი ნაგავსაყრელზე გადაყაროს და ამბობს, რომ მომავალში კარტოფილის მინდვრებს შეამცირებს ან საერთოდ შეწყვეტს დათესვას.