დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ღონისძიებების შემსუბუქებასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ადამიანებმა სამოქალაქო პასუხისმგებლობა გაითავისონ.
ამასთან, გამყრელიძის განმარტებით, სამწუხაროდ, პარკებში მოქალაქეების უმრავლესობა არ იცავს დისტანციას და არ უკეთია პირბადე.
„მესმის, რთულია სიცხეში, მე გუშინ გავისეირნე ქუჩებში, რამდენიმე პარკში და ვნახე, რომ, სამწუხაროდ, ჩვენი თანამოქალაქეების უმრავლესობა, არ იცავს დისტანციას, არც პირბადეს ხმარობს. ჩვენ ადრე ვამბობდით, რომ გარეთ პირბადე არ უნდა ვიხმაროთ, მაგრამ როდესაც ერთად ვიკრიბებით 5-6-7-10 ადამიანი, იგივე გარე სივრცეში, აუცილებელია გარეთ ხმარებაც, რადგან ინფექცია ქვეყანაში არის, მისი გავრცელების საშიშროება და ალბათობა არ მოხსნილა“,- განაცხადა გამყრელიძემ.