ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებმა/რეზიდენტებმა საქართველოში ჩამოსვლისას წინასწარ უნდა შეავსონ სავალდებულო რეგისტრაციის ფორმა.
იმ ქვეყნებიდან, ვინც საქართველოს უპირობოდ გაუხსნა საზღვარი, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო საზღვრებს ასევე უპირობოდ გახსნის შემდეგ 5 ქვეყანასთან: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიტვა, ესტონეთი.
აღნიშნული 5 ქვეყნის მოქალაქეებს/რეზიდენტებს შეეძლებათ ყველა სახის ვიზიტით საქართველოში მხოლოდ პირდაპირი საჰაერო გზით ჩამოსვლა. საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე მათ უნდა შეავსონ საგანგებოდ შემუშავებული სპეციალური ელექტრონული ანკეტა.
მათივე თანხმობის შემთხვევაში, ანდა საზღვარზე თერმოსკრინინგის გავლის შედეგად 37 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, აეროპორტში მათ ჩაუტარდებათ PCR ტესტი.
რაც შეეხება ევროკავშირის წევრ დანარჩენ სახელმწიფოებს – ქვეყნებთან მიმართებით, რომლებმაც საქართველოსთვის არ გახსნეს საზღვარი, ჩვენი მხრიდანაც ნარჩუნდება დღეს არსებული რეჟიმი. ხოლო იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებმაც საქართველო შეიყვანეს ე.წ. მწვანე სიაში (გარდა ზემოთ ჩამოთვლილი 5 ქვეყნისა) ან დაუწესეს სხვადასხვა სახის შეზღუდვები, საქართველოში შემოსვლა შეეძლებათ 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის პირობით, რომლის ხარჯებსაც თავად დაფარავენ.
საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, საქმიანი ვიზიტით ჩამოსვლის მსურველებმა წინასწარ უნდა შეავსონ სავალდებულო რეგისტრაციის ფორმა.
ჩამოსულ სტუმრებს ეკისრებათ ვალდებულება, 14 დღის განმავლობაში, ყოველ 72 საათში ერთხელ, საკუთარი სახსრებით ჩაიტარონ COVID-19-ზე PCR ტესტი ან გაიარონ სავალდებულო 14-დღიანი კარანტინი, ასევე საკუთარი სახსრებით. ეს არ ეხებათ ევროკავშირის წევრი იმ 5 ქვეყნის მოქალაქეებს/რეზიდენტებს, რომლებთანაც საქართველო უპირობოდ ხსნის საზღვრებს.
გრძელდება შემდგომი მუშაობა/მოლაპარაკებები სხვადასხვა ქვეყანასთან.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს მთავროვის ფეისბუკ გვერდი.