ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული განვითარების მთავარ პრიორიტეტებად კვლავ გზების რეაბილიტაცია და წყალმომარაგება რჩება, თუმცა ბოლო წლებში პრიორიტეტად სპორტული ინფრასტრუქტურისა და პარკების მშენებლობაც გახდა. Jnews-მა გამოთვალა რა თანხა დაიხარჯა 2023 წელს მუნიციპალური გზების მოასფალტებასა და სოფლებში წყალმომარაგების სისტემების გაუმჯობესებაზე.
მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტმა 2023 წელს მუნიციპალური გზების მოასფალტებასა და წყალმომარაგების სისტემების გაუმჯობესებაზე 6 039 540 838 ლარი დახარჯა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდის – tenders.procurement.gov.ge-ს მიხედვით, 2023 წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში გზების მოასფალტება 5 592 928 368 ლარის ოდენობით განხორციელდა, ხრეშის დაყრა და გრეიდერით გასწორება 118 800 ლარად ჩატარდა, ეს კი ძირითადად სოფლის გზებზე.
სხვადასხვა ფინდების სახსრებით დაგებულ გზებთან ერთად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გომან-ოლავერდის გზას ჩაუტარდა რეაბილიტაცია. ასევე ახალქალაქის ქუჩებს და ეზოებს.
“სოფლის მხარდაჭერის” პროგრამის სახსრებით სოფელ ხულგუმოს, კარტიკამის, თახჩასა და პატარა სამსარის გზების კეთილმოწყობა ჩატარდა.
წელს მუნიციპალიტეტმა სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების, ასევე პირუტყვის მორწყვისთვის განკუთვნილი წყალსაცავების გასაუმჯობესებლად 327 812,47 ლარი დახარჯა.
კერძოდ:
1. სოფელ დილისკაში წყალსაცავის მოწყობისათვის
2. სოფელ დილისკაში ღია ბეტონის არხების გაყვანისათვის
3. სოფელ პტენაში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისათვის
4. სოფელ აგანა-იხტილას წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისთვის
5. სოფელ გოგაშენის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისათვის
6. სოფელ ვაჩიანის სასმელი წყლის რეზერვუარის რეაბილიტაციისთვის
7. სოფელ გომანში სასმელი წყლის რეზერვუარის სახურავის რეაბილიტაციისათვის
8. სოფელ ვარევანში ხელოვნური ტბის (კაშხლის) რეაბილიტაციისთვის
წყალმომარაგების ხაზების გასაუმჯობესებლად, წყალსადენების შესაძენად და წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისთვის ”სოფლის მხარდაჭერის” პროგრამის თანხები დაიხარჯა შემდეგ სოფლებში: ალასტანი, გოგაშენი, თოთხამი, კარწახი, ტურცხი, ბუღაშენი, გომანი, ოლავერდი, სულდა, ბოზალი, დავნია, მიასნიკიანი, გოდოლარი, აზავრეთი, კორხი.
ასევე სოფელ ხანდოში ახალი წყალსაცავის ასაშენებლად მუნიციპალიტეტმა 170 000 ლარი გამოყო, თუმცა ჯერჯერობით ტენდერი უბრალოდ გამოცხადებულია. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 25 დეკემბერი. სამუშაოები მომავალ, 2024 წელს დაიწყება.