სოფელ ზაკში ამბულატორია ზამთარში არ მუშაობს. მიზეზი გათბობაა. საქმე ისა, რომ მილები ზედაპირულად არის გაყვანილი და გათბობის სისტემაში არ არის ანტიფრიზი (ანტიფრიზი არის ნივთიერება, რომელიც ამცირებს სითხის გაყინვის დონეს). ადგილობრივი ექიმი ამბობს, რომ შესაძლებელია ზამთარში პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტმა არ იმუშაოს, რადგან სიცივეში ამბულატორიაში პაციენტების მიღება შეუძლებელია.
სოფელ ზაკის (ზაკვი, გომანი და ოლავერდი) ადგილობრივი ექიმი ნაირა სრმიკიანი ამბობს:
„გათბობის პრობლემასთან დაკავშირებით სიტყვიერად მივმართე ჩვენს კოორდინატორს კახა ბერიძეს, რამდენჯერმე ვაცნობე, ბოლოს დაახლოებით ერთი კვირის წინ. მისი თქმით, საკითხს მოაგვარებს. ხოლო როცა მედპუნქტი მუნიციპალიტეტს ეკუთვნოდა, მაშინ იგივე პრობლემით ადგილობრივ ხელისუფლებას მივმართე. წყლის მილები მიწისზედაა და ზამთარში იყინება“.
2019 წელს საქართველოს მთავრობის ინიციატივით რეგიონებში აშენდა ამბულატორიები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრები. ამბულატორიები აშენდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში: ზაკში, ჩამდურაში, კარტიკამსა და გადოლარში. ოთხ სოფელში ახალი ამბულატორიების მშენებლობაზე 360 000 ლარი გამოიყო, საიდანაც 86 718 ლარი ზაკის ამბულატორიის მშენებლობაზე დაიხარჯა. ამბულატორია 2019-2020 წლებში აშენდა და ექსპლუატაციაში 2021 წელს შევიდა. ამბულატორია უკვე მეორე წელია ფუნქციონირებს, თუმცა მხოლოდ თბილ სეზონზე, კვირაში სამი დღე. ზამთარში ადგილობრივ ექიმს ან სოფლის სკოლაში უწევს პაციენტების მიღება ან მათ სახლში სიარული.
ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის სირანუშ ტონაკანიანის თქმით, სამედიცინო ჰოლდინგი ამბულატორიაში გათბობის სისტემის მიერთების საკითხზე მუშაობს.
„გათბობის სისტემა არასოდეს ყოფილა ჩართული, ამიტომ ვერავინ იტყვის, ამ მილებში წყალი გაიყინება თუ არა. ექიმმა ან ექთანმა უნდა გამოგვიგზავნოთ წერილობითი განცხადება, რათა მივმართო ”საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს”, რათა ვიყოთ თანმიმდევრული ამ საკითხში. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ გათბობის სისტემის ჩართვის შემდეგ ამბულატორია მუდმივად უნდა იყოს ღია, რათა სისტემაში წყალი არ გაიყინოს და მდგომარეობა კიდევ არ გაუარესდეს“, – ამატებს სირანუშ ტონაკანიანი.
აღვნიშნავთ, რომ პირველადი სამედიცინო-სანიტარიული მომსახურების და სამედიცინო პერსონალის შრომის პირობების გაუმჯობესების მიზნით სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს ყველა სოფლის სამედიცინო კლინიკა „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის“ ორგანიზაციას გადაეცა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს“ გადაეცა სოფლების მაჯადიას, დილისკას, ზაკის, ღადოლარის, არაგვას, აზავრეთის, ბარალეთის, გოგაშენის, იხტილას, ალასტანის, კარტიკამსა და კუმურდოს ამბულატორიები.
ასევე წაიკითხეთ: