ახალციხეში, რამდენიმე დღის წინ რუსეთიდან დაბრუნებულ დედასა და მის ორ შვილს კორონავირუსი აღმოაჩნდათ. ისინი სამკურნალოდ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დედა და ორი შვილი მოსკოვიდან 25 მაისს ჩამოვიდნენ. როგორც ერთ–ერთი ვაჟი ამბობს, ისინი საზღვრიდან პირდაპირ საკარანტინო სივრცეში მოათავსეს. სამ დღეში კი კორონავირუსი დაუდასტურდათ. იმავე დღეს სამივე თბილისში იქნა გადაყვანილი.
„4 დღის წინ ჩამოვედით, 25–ში. ეკიპაჟმა გამოგვაცილა საზღვრიდან და ჩამოვედით პირდაპირ საკარანტინო ზონაში. მესამე დღეს შევამჩნიე, რომ გემო დავკარგე, ტესტი გაგვიკეთეს და კორონავირუსი აღმოგვაჩნდა. ახლა სამივეს გემოს და სუნის შეგრძნება გვაქვს დაკარგული, სხვა სიმპტომები არ გვაქვს“, – გვითხრა ინფიცირებულმა ახალგაზრდამ.
ამ დრომდე სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირების 10 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან ოთხი ადგილობრივია, ექვსი კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მცხოვრები.