ახალქალაქში არასრულწლოვანთა უმრავლესობა მინდორში მუშაობს, რადგან ოჯახში სხვა სამუშაო ძალა არ არის ან ოჯახს არ აქვს საკმარისი შემოსავალი მინიმალური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. დაუწერელი კანონის მიხედვით, ჯავახეთის ბევრი მცხოვრები შვილებს სამუშაოდ აგზავნის, რათა „ადამიანებად აქციონ“. თუმცა, არიან ბავშვებიც, რომლებიც მუშაობენ იმიტომ, რომ არ უნდათ მშობლებისგან ფულის თხოვნა, სურთ თავიანთი საჭიროებები საკუთარი ჯიბის ფულით დააკმაყოფილონ.

მოსავლის აღების დროს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, დიდიდან პატარმდე მიდნორშია. სოფლის მცხოვრებისთვის ყინვებამდე მოსავლის აღება და სარდაფამდე მიტანა ყველაზე პრიორიტეტულია. სხვადასხვა ასაკისა და სქესის ბავშვი დიდებთან ერთად თანაბრად მუშაობს.

უნდა იყვნენ თუ არა ბავშვები მინდორში, უნდა იმუშაონ თუ არა იქ? ჩვენ მოვისმინეთ მშობლების აზრი, რომლებსაც თავიანთი შვილები მინდორში დაჰყავთ.

კარენ ჩინჩიანი სოფელ ხულგუმოდან არის. 17 წლის ახალგაზრდა საკუთარი გადაწყვეტილებით უკვე რამდენიმე წელია მოსავლის აღებაში მონაწილეობს, თუმცა მისი მშობლები მუდამ წინააღმდეგნი იყვნენ, მაგრამ მას კონკრეტული გადაწყვეტილება აქვს მიღებული.

«ბიჭმა მუდამ მშობლებს არ უნდა სთხოვოს თანხა, მე ვფიქრობ, რომ უნდა იმუშაოს და საკუთარი ფული ჰქონდეს. შეუძლებელია ყოველ დღე სახლიდან ფულის თხოვნა. რასაკვირველია, ჩემი მშობლები თავიდან წინააღმდეგნი იყვნენ, მაგრამ დავარწმუნე და სამუშაოდ წავედი, რომ მათზე არ ვიყო დამოკიდებული»,- ამბობს კარენი.

ის ძირითადად შემდეგ სამუშაოებს ასრულებს: კარტოფილის ღეროებს აგროვებს, კარტოფილის ტომრებს ზიდავს.

«მე უკვე რამდენიმე წელია მივდივარ სამუშაოდ, ამ სამუშაოს შევეჩვიეთ, ამიტომ უკვე არც ისე რთულია. როცა პატარა ვიყავი, 10 ან 11 წლის, ჩვენთან მინდორში დავდიოდი, მაგრამ არ ვმუშაობდი. არ ვფიქრობ, რომ ბავშვის ადრეული ასაკიდან მინდორში გაშვება სწორია, მაგრამ ახლა, როცა საკმაოდ ზრდასრული ვარ, უნდა ვიმუშაო, რომ საკუტარი ხარჯები თვითონ დავფარო», — ამატებს კარენი.

კარენს ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს ნამუშევარ ფულს რაში დახარჯავს, არ უჩივის, მთავარია, რომ მშობლებისგან არ უწევს ფულის თხოვნა.

კარენის თქმით, მინდორში მათთან ერთად სხვადასხვა ასაკის ბავშვები მუშაობდნენ.

ბავშვები, რომლებიც ადრეული ასაკიდან იძულებულნი არიან საკუთარი ოფლით იმუშაონ ფული, სრულყოფილი განათლების მიღებას მოკლებულნი არიან.

საქართველოში ბავშვთა უფლებების დაცვის კოდექსის 54 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბავშვს სამუშაოსგან დაცვის უფლება აქვს, რომელიც მას განათლების მიღებაში უშლის ხელს ან მის ჯანმრთელობას ან ფიზიკურ, ფსიქიკურ, მორალურ, ემოციონალურ და სოციალურ განვითარებას უქმნის საფრთხეს.

იმავე კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, სახელმწიფო შესაბამის ადმინისტრაციულ, სოციალურ და აღმზრდელობით ზომებს იღებს ნებისმიერი ბავშვის სახიფათო, მძიმე და საზიანო შრომისგან დაცვის მიზნით.

კანონი ერთს კარნახობს, საზოგადოება სხვას აკეტებს, იძულებით თუ არა. სინამდვილეში, ჩვენ მწარე რეალობას ვაწყდებით, როცა ბავშვები სკოლაში არ დადიან იმისათვის, რომ მინდორში იმუშაონ.

ადრე მოსავლის აღების დროს სოფლის სკოლები იხურებოდა, რადგან არცერთი ბავშვი არ დადიოდა სკოლაში. ბოლო წლებში სიტუაცია შეიცვალა.

სოფელ ხავეთიდან არუთუნიან სირანუში ყვება, რომ იყო დრო, როცა მის 10 წლის ვაჟს მწყემსად უშვებდა, მაგრამ შემდეგ ინანა.

«რა თქმა უნდა, ბავშვის მინდორში წაყვანა არასწორია. მათთვის ახლა უამრავი ცენტრი არსებობს. ამბობენ, სოფლის ბავშვის სხვანაირად იზრდება, ქალაქის სხვა. ასეც არის, როგორ განვითარდება ბავშვი მიწასთან მუშაობით? ისე გამოვიდა, რომ ბავშვები ადრეული ასაკიდან დამყავდა მინდორში, რომ იქ მჯდარიყვენე, სანამ ჩემს სამუშაოს დავასრულებდი, იყო მომენტი, როცა ვბრუნდებოდი და ვხედავდი, თუ როგორ ჭამდნენ მიწას. ჩემი ვაჟი დაახლოებით 10 წლის ასაკში, სოფელში ცხვრების ფარას მწყემსი იყო, როცა ფარა სოფელში ბრუნდებოდა, უკან არ კი ჩანდა. ახლა ამას ვნანობ, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა», — იხსენებს სირანუში.

2

სირანუშის ვაჟს, რომელიც 10 წლიდან მუშაობდა და მშობლებს ეხმარებოდა, დღეს ბავშვები მინდორში არ დაჰყავს.

«მე ვთვლი, რომ ბავშვების მინდორში ტარება არასწორია, ისინი იზრდებიან, მაგრამ ამ დროის განმავლობაში საინტერესო ვერაფერს ვერ ნახულობენ. მეც ვმუშაობდი ბავშვობიდან მინდორში, მაგრამ ეს არასწორია. ბავშვებს აქ მომავალი არ აქვთ», — ამბობს სერგეი არუთუნიანი.

ჩვენმა ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ ანონიმურობა აირჩია, მაგრამ თვლის, რომ ბავშვს შეუძლია და უნდა დაეხმაროს მშობლებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც გაკვეთილებს დაასრულებს.

«თუკი ბავშვი სკოლაში არ დადის, რომ მინდორში სამუშაოდ იაროს, ეს ნამდვილად არასწორია. მოსწავლე თავისი საქმით უნდა დაკავდეს — გაკვეილები გააკეთოს, ხოლო ადამიანი, რომელიც მინდორში დადის, საკუთარი სამუშაო უნდა შეასრულოს. მოსწავლეს მშობლების დახმარება შეუძლია სკოლის შემდეგ და თავისუფალ დროს».

ხავეთიდან სიმონიან ნაირი ბავშვობიდან მინდორში მუშაობდა, მშობლებს ეხმარებოდა, დღემდე სოფლის საქმეებით არის დაკავებული და თვლის, რომ ურჩევნია მთლიანი სამუშაო თვითონ შეასრულოს, ვიდრე საკუთარმა ბავშვებმა.

«ახლა სკოლები 10 დღით დაკეტილია, რომ მოსწავლეებმა მოსავლის აღებაში მონაწილეობის მიღება შეძლონ, რასაც არასწორად ვთვლი. ვფიქრობ, რომ ბავშვებმა მინდორში 20 წლის შემდეგ უნდა იმუშაონ. მე 15 და 16 წლის ბავშვები მყავს, მინდორში არ მყოლია ისინი. მე ვმუშაობდი, ვწვალობდი, საკმარისია, არ მინდა, რომ მათაც იწვალონ»,- ამბობს ნაირი.

მშობლები თვლიან რომ სკოლების დახურვა არასწორია, მაგრამ მათი ნაწილი ამბობს, რომ ისინი მინდორში დადიან და ბავშვებზე ნერვიულობენ, დაბრუნდნენ თუ არა სახლში, ისადილეს, გაზი გამორთეს, ამიტომ თან წაყვანა ურჩევნიათ.

«რასაკვირველია, მინდა, რომ ბავშვებმა განათლება მიიღონ, მაგრამ უნდა დაეხმარონ მშობლებს, ფული უნდათ, თუ არ იმუშავებენ, მშობლები საიდან მისცემენ ფულს»,- ამბობს იურიკ საარიანი.

ყველა ადამიანს, ვინც მინდორში დადიოდა, ბავშვობის აღნიშნული მონაკვეთიდან ცუდი მოგონებები დარჩა, როცა სხვა დასახლებულ პუნქტებში მცხოვრები მისი თანატოლები თამაშობდნენ, სიმღერაზე და ცეკვაზე დადიოდნენ, ხოლო მას მინდორში მუშაობა უწევდა.

«ჩვენ ძალიან პატარები ვიყავით, როცა კარტოფილის მოსაკრეფად დავდიოდით, ახლა როცა ჩვენ თვითონ გავხდით მშობლებო და არ გვინდა, რომ ჩვენმა ბავშვებმაც იგივე გზა გაიარონ, მათ თვითონაც არ უნდათ მუშაობა. მაგრამ არის ოჯახები, რომლებიც იძულებულნი არიან თან გაიყოლონ ბავშვები, არიან 10-12 წლის ბავშვები, რომლებიც ტრაქტორებს ატარებენ. ჩვენი სკოლა დაახლოებით 10 დღით იხურება, ბავშვები კარტოფილის მოსაკრეფად დადიან. მე 7 წლიდან ვმუშაობ, თავიდან ნაკლებს ვკრეფდით, უბრალოდ საჩვენებლად, ხოლო შემდეგ ეს სავალდებულოდ გადაიქცა. ახლა ყველაფერი შეიცვალა, ყველაფერს მშობლები აკეთებენ, რათა შვილებს ნაკლები ტვირთი ჰქონდეთ»,- ამბობს სოფელ ხავეთის მცხოვრები ანაიტ საარიანი.

ესენია გიგოლიანი მინდორში 10 წლიდან დადის, მისი თქმით, რაც თავი ახსოვს მინდორშია. ესენია ამბობს, ხულგუმოშიც იხურება სკოლა, მაგრამ 5 დღით.

“ჩემი შვილი რამდენიმე წელია გვეხმარება, კარტოფილს 10 წლიდან კრეფს, უკვე სამი წელია ტომრებს სატვირთო მანქანაში ტვირთავს, ყველაფერში გვეხმარება, სხვა გზა არ მაქვს”,- ამბობს ესენია.

მშობლები ბავშვების მინდორში ტარებას ნორმალურად არ თვლიან, მაგრამ ამავდროულად, როგორც თვითონ თვლიან, სხვა გზა არ აქვთ.

სინამდვილეში,მინდვრის სამუშაო არ არის ადვილი. შესაძლოა, ეს ადვილი მხოლოდ მათთვის ჩანდეს, ვინც ამას შორიდან უყურებს, მაგრამ მათ, ვისაც თუნდაც ერთხელ მინდორში საკუთარ ნაკვეთზე უმუშავია, იცის რა მძიმე სამუშაოა. მიუხედავად იმისა, რომ კარტოფილის მოყვანა ჩვენს დღეებში საკმაოდ გაადვილდა და სამუშაოს უმეტესი ნაწილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით სრულდება, დღესაც კი ბავშვები სწავლის ხარჯზე აგრძელებენ მუშაობას.

ადრე კარტოფილის ყუნწი რომ ამოდიოდა, მიწას აფხვიერებდნენ, სარეველასგან ასუფთავებდნენ და სხვა საქმეს აკეთებდნენ. ბავშვები იმდენ ხანს მუშაობდნენ მინდორში მოხრილი, რომ მზისგან ზურგი ეწვოდათ, მაწონის წასმა უწევდათ, რომ ოდნავ მაინც შეემსუბუქებინათ ტკივილი და ხელებზე ბუშტუკები უჩნდებოდათ, ახლა ამ საქმეს ტექნიკა აკეთებს.

ბავშვები კარტოფილის შეგროვებას 8 წლიდან იწყებენ, თავიდან თითქოს არა ინტენსიურად, მაგრამ წლების განმავლობაში ეს სამუშაო მათთვის „სავალდებულო“ ხდება.