
28 თებერვალს სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტები ადგილობრივ მოსახლეობას მათთვის საინტერესო იურიდიულ საკითხებზე გაესაუბრნენ. შეხვედრა Jnews-ის ოფისში გაიმართა.
საქართველოში გაეროს ასოციაციის მიერ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის „ერთობა მრავალფეროვნებაშია“-ს ფარგლებში საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართა.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის კოორდინატორმა ტიგრან ტარზიანმა JNEWS-თან საუბარისას განაცხადა:
„ნინოწმინდასა და ახალქალაქში საკითხების შესწავლა ერთდროულად დავიწყეთ – ჯამში 35 სოფელი. სოფლებში პრობლემები ძირითადად მიწის რეგისტრაციასთან, სოციალურ სერვისებთან, ხელმისაწვდომობასთან არის დაკავშირებული. იყო ოჯახში ძალადობის შემთხვევებიც, მაგრამ ამაზე აშკარად არ უსაუბრიათ. გაჩნდა იდეა, ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფასო იურიდიული დახმარება გაგვეწია. ეს იყო არა 5-10 წუთიანი შეხვედრა და კონსულტაცია. პრობლემების შესახებ მოვისმინეთ და საჭიროების შემთხვევაში სასამართლოს ან სხვა სახელმწიფო ორგანოების დახმარებით მისი მოგვარების გზებზეც მივუთითეთ“.
მისი თქმით, შეხვედრები პირველ ეტაპზე ფარავანში (ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი), მაჯადიაში, სამსარში, ხავეთში (ახალქალაქის მუნიციპალიტეტი) გაიმართება.
მოსახლეობას ძირითადად მოქალაქეობის, მიწის საკუთრებაში გადატანის, შეძენის, იჯარის, სახლების რეგისტრაციის და სხვა საკითხები აწუხებს.
იურიდიულ დახმარებას აღმოუჩენენ ეთნიკური და რელიგიური დისკრიმინაციის, პოლიციის მხრიდან არასწორი ქმედებების, მოქალაქეობის, მიწის რეგისტრაციის, ოჯახში ძალადობისა და იძულებითი ქორწინების შემთხვევაშიც.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ადამიანის უფლებათა და სოციალური სამართლიანობის ორგანიზაციაა, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად სოციალურ უფლებებსა და თანასწორობის პოლიტიკაზე მუშაობს.