1 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონპროექტში ცვლილებები მიიღო, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეობის მიღება ბევრად გამარტივდება. კანონპროექტს მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა.

ახლად მიღებული ცვლილებების მიხედვით, მოქალაქეობის არმქონე პირი, სხვა უცხოელებისგან განსხვავებით, საქართველოს მოქალაქეობას ჩვეული წესით მიიღებს საქართველოში ლეგალურად 5 წლის განმავლობაში ცხოვრების შემდეგ. წინა კანონი ქვეყანაში 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრებას მოითხოვდა.

მოქალაქეობის ჩვეული წესით მისაღებად პირი უნდა აკმაყოფილებდეს ამავე კანონით დადგენილ სხვა მოთხოვნებს: ფლობდეს სახელმწიფო ენას, იცოდეს ისტორია და სამართლის საფუძვლები, ასევე იმუშაოს საქართველოში, ფლობდეს უძრავ ქონებას,დაეუფლოს წარმოების აქციონერებას, ან აწარმოოს სამეწარმეო საქმიანობა საქართველოს ტერიტორიაზე .

ასევე შესაძლებელი ხდება ქართული ენის ტესტის შეუზღუდავი გავლა ( გავლის შემთხვევაში ვადაა 1 წელი). ხოლო მოქალაქეობაზე განაცხადის გაკეთებამდე უნდა ჩააბაროს ქართული ენის ცოდნის ტესტი. საქართველოს მოქალაქეობის თაობაზე განცხადებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში შესაბამის ორგანოებში ხელახალი მიმართვის ვადა მცირდება 1 წლიდან 6 თვემდე.

კანონპროექტის ავტორი საქართველოს იუსტიციის სამინისტროა, ის მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა. პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი საქართველოს პრეზიდენტის მიერ ხელმოწერის შემდეგ შევა ძალაში.