საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს განცხადებით, დეკანოზი თადეოზ სარალიძე, რომელმაც ქადაგებაში ქსენოფობიური, ბავშებისადმი სიძულვილის შემცველი გზავნილები და კოვიდზე მითები გაახმიანა, სასჯელის სახით გარკვეული ვადით მონასტერში გაამწესეს:
“საზოგადობაში არსებული ინტერესიდან გამომდინარე, დამატებით გაცნობებთ, რომ ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მღვდელმსახურს, დეკანოზ თადეოზ სარალიძეს დაედო საეკლესიო სასჯელად (ეპიტიმია) მონასტერში განწესება გარკვეული ვადით”, – აცხადებენ საპატრიარქოში.
ჭიათურის მუნიციპალიტეტში მოქმედი ეკლესიის წინამძღვარი ქადაგებაში ადამიანებს ეთნიკური ნიშნით ლანძღავდა, ბავშვების მიმართ სიძულვილის გზავნილებს ახმიანებდა, COVID-19-თან დაკავშირებით კი კონსპირაციულ თეორიებს ავრცელებდა. დეკანოზ თადეოზ სარალიძის ქადაგება 24 იანვრით თარიღდება. ქადაგების ვიდეო “ფეისბუქში” აიტვირთა. მოგვიანებით ეკლესიის გვერდმაც გააზიარა.