საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 23 ნოემბერს წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. დილიდან ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში სადღესასწაულო წირვა ჩატარდება.
სამების საკათედრო ტაძარში წირვას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო ჩაატარებს.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას წელიწადში ორჯერ – 6 მაისს წმინდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს მისი ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს.
საეკლესიო გადმოცემის თანახმად, წმინდა გიორგი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, რომის იმპერატორ დიოკლეტიანეს მმართველობის დროს მხედარმთავარი გახდა. მას შემდეგ, რაც ქრისტიანებზე დევნა დაიწყეს, წმინდა გიორგი იმპერატორს განუდგა. ამის შემდეგ, კერპთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდანს ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. წმინდა გიორგის 303 წელს თავი მოჰკვეთეს.
წმიდა მთავარმოწამე გიორგი მოღვაწეობდა იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს, მესამე საუკუნის ბოლოს და მეოთხე საუკუნის პირველ ნახევარში.
გადმოცემით, დღესასწაული ქართველთა განმანათლებელმა წმიდა ნინომ დააარსა. როგორც ცნობილია, წმიდა გიორგი მას ნათესავად ერგებოდა და განსაკუთრებულ პატივს სცემდა. საქართველოს განმაქრისტიანებლმა წმიდა ნინომ ქვეყანას წმიდა გიორგის სიყვარული ანდერძად დაუტოვა. შუა საუკუნეებში ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში 365 სალოცავი აიგო წმიდა გიორგის სახელზე.
საქართველოში წელიწადის ყოველ დღეს იზეიმებოდა გიორგობა, რომელიც წმინდანის სახელობის, რომელიმე ტაძართან, ან მის მიერ აღსრულებულ სასწაულებთან იყო დაკავშირებული. ხალხურ მეტყველებაში შემორჩენილია 365 წმიდა გიორგის სახელით დალოცვა, რომელიც წმიდა გიორგის წელიწადის ყოველდღიურ დღესასწაულთან და საქართველოში არსებული წმიდა გიორგის 365 ნაწილთან არის დაკავშირებული.
წმიდა გიორგის თაყვანისცემა, რომელიც ქრისტიანობის გავრცელების პერიოდშივე დაიწყო, დღესაც გრძელდება.
წმიდა გიორგი ითვლება მხედართა, მიწისმოქმედთა, მწყემსთა, მოგზაურთა მფარველად. მას ევედრებიან აგრეთვე დემონური ძალებისგან დახსნას.