დღეს, 27 ოქტომბერს, ახალქალაქის სკოლებში მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. №2 და №4 სკოლებში მე-12 კლასელების მიერ ორგანოზებული კონცერტები გაიმართა, ხოლო თუმანიანის სახ. №1 სახელობის სკოლაში ღონისძიებაში ჩართეს სკოლამდელი ასაკის ბავშვები, რომლებიც თამაშების საშუალებით დაიწყეს სკოლის პროცესებში ჩართვა.
როგორც ადრე დავწერეთ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 ოქტომბერს მასწავლებლის ეროვნული დღე დაინიშნა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახალი ინიციატივა მიზნად ისახავს საზოგადოებაში მასწავლებლების როლის ხაზგასმას, მათ დაფასებას და მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობის გაზრდას. 27 ოქტომბერი იმიტომ აირჩიეს, რომ ამ დღეს დაიბადა ქართველი მასწავლებელი, საქართველოში სამეცნიერო პედაგოგიკის ფუძემდებელი, პუბლიცისტი, საბავშვო მწერალი და საზოგადო მოღვაწე იაკობ გოგებაშვილი.
ამასთან დაკავშირებით ახალქალაქის ზოგიერთმა სკოლამ გადაწყვიტა ამ დღესასწაულის აღნიშვნა. №1, №2 და №4 სკოლებმა ღონისძიებები გამართეს,ხოლო ქალაქის დანარჩენმა სკოლებმა კი მასწავლებლის დღე 5 ოქტომბერს აღნიშნეს – მასწავლებლის მსოფლიო დღეს.
თუმანიანის სახ. №1 სკოლაში საინტერესო იდეა განხორციელდა – ღონისძიებაში ჩაერთვნენ სკოლამდელი ბავშვები, რომელთა მშობლები მომავალ წელს ამ სკოლაში აპირებენ გაგზავნას. ამ ფორმატში ხელმძღვანელობას სურს მოამზადოს მომავალი პირველკლასელები სკოლისთვის, რათა მათ წინასწარ იცოდნენ, რა ელოდება მათ სკოლის მერხთან.
„ეს არის სამეურვეო საბჭოსა და სკოლის დირექციის ერთობლივი სამუშაო. მიზანი იყო ბავშვების მომზადება სკოლისათვის . არიან მტირალა ბავშვები, არიან ბავშვები, რომლებიც სკოლას ვერ ეგუებიან და ამ პროცესის გასაადვილებლად გადავწყვიტეთ ღონისძიებაში ჩავრთოთ პირველკლასელები, სკოლამდელი ასაკის ბავშვები. ჩვენ გამოვაცხადეთ, რომ მშობლებმა, რომლებსაც სურთ შვილების ჩვენს სკოლაში მოყვანა მომავალი სექტემბრიდან, უნდა აცნობონ. როგორც ხედავთ, ძალიან ბევრი გამოგვეხმაურა. დღეს 20 ბავშვი პირველად შევიდა სკოლაში “, – აღნიშნა №1 სკოლის დირექტორმა რუზან ტეპოიანმა.
ახლად დანერგილი მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ასევე გაიმართა №2 რუსულ და დემირჩიანის სახ. №4 სკოლაში. იქ მე-12 კლასის მოსწავლეებმა მასწავლებლებისთვის მოამზადეს კონცერტები სხვადასხვა წარმოდგენით – ლექსების კითხვა, ცეკვა და სიმღერა.