დღეს, 28 მაისს აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს, მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ზედაც ამაღლებას ზეიმობს. ამაღლება ქრისტიანული დღესასწაულია.
მაცხოვრის ამაღლება 12 საუფლო დღესასწაულიდან ერთ-ერთია, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს ზეიმობს.
დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად 10:00 საათზე სამების საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას მართავს, რის შემდეგაც მრევლს ქადაგებით მიმართავს.
სახარების მიხედვით, აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ქრისტე თავის მოწაფეებს ეცხადებოდა და ღვთის სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა. აღდგომიდან მე-40 დღეს კი გალილეიდან იერუსალიმში დაბრუნებული მოწაფეები ერთ სახლში შეიკრიბნენ, სადაც მათ მაცხოვარი გამოეცხადათ.
ქრისტემ მოწაფეები ბეთანიის მიმართულებით გამოიყვანა, შემდეგ კი ხელები ცისკენ აღაპყრო და შეკრებილები აკურთხა. კურთხევისას თანდათან დასცილდა მათ და ზეცად ამაღლება იწყო, მცირე ხანში კი ღრუბლებში გაუჩინარდა.
ამაღლების დღესასწაულზე ფშავ-ხევსურეთის, თუშეთის, მთიულეთ-გუდამაყრის, ჯავახეთისა და საქართველოს სხვა მხარეთა სოფლების მცხოვრებლებს სალოცავებში შესაწირი მიჰქონდათ და შესთხოვდნენ ადამიანისა და ოჯახის კეთილდღეობას, საქონლის გამრავლებასა და ბარაქიანობას.