გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის აგვისტოში ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 155 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების პრეს-რელიზში.
გამოვლენილი 155 ფაქტიდან 109 ეხება ხეტყის უკანონო მოპოვებასა და ტრანსპორტირებას, 46 – ხის საამქროების გამოყენების ტექნიკური რეგლამენტის დარღვევას.
ყველაზე მეტი დარღვევა – 35 გამოვლინდა კახეთში. დანარჩენ რეგიონებში მდგომარეობა ასეთია:
აჭარა – 33
იმერეთ – 30
სამცხე-ჯავახეთი – 18
შიდა ქართლი – 14
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 13
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6
გურია – 4
მცხეთა-მთიანეთი – 1
ქვემო ქართლი – 1
შემოწმებების შედეგად ამოღებულია დაახლოებით 338 კუბური მეტრი ხის მასალა, დალუქულია დაურეგისტრირებელი ხუთი ხის საამქრო. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებს გაეგზავნა.
2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. „საქმიანი ეზოები” სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.
საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.
საქართველოში ხეტყის ჭრა დაშვებულია მხოლოდ სპეციალურ ტერიტორიაზე და ისიც კონკრეტული ხეების. ხეტყის უკანონო მოჭრა ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით, თუ საუბარია იშვიათ ხეებზე ან ხეტყის ჭრაზე ნაკრძალში.