სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ადასტურებს, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პატრულირების ზონის მიმართულებით ცეცხლი გახსნა.
იქამდე ინციდენტის შესახებ ინფორმაცია სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა, რასაც თავდაპირველად სადამკვირვებლო მისიამ ყალბი უწოდა, თუმცა მოგვიანებით დაადასტურა.
საპასუხო განცხადება ბაქომაც გაავრცელა და მისიის მიმართულებით ცეცხლის გახსნა უარყო.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის 100 წარმომადგენელი, რომელთა შორის 50 არ არის შეიარაღებული, 2023 წლის დასაწყისში სომხეთში ორწლიანი მანდატით ჩავიდა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხანგრძლივად განთავსების გადაწყვეტილება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან (EU Mission in Armenia/EUMA) 23 იანვარს მიიღეს.
მისიის მიზანი, ევროკავშირის ოფიციალური განცხადების შესაბამისად, სომხეთის სასაზღვრო რაიონებში სტაბილურობის ხელშეწყობის, ნდობის აღდგენისა და კონფლიქტით დაზარალებული რაიონების ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა, ასევე, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის ხელშეწყობა.
2022 წლის სექტემბერში ერთ-ერთი ფართომასშტაბიანი შეტაკების შემდეგ, პრაღაში ოთხმხრივი შეხვედრისას, მხარეებს შორის საუბარი იყო ევროკავშრის სადამკვირვებლო მისიის სომხეთში განთავსებაზე. მალევე ევროკავშირის 27-მა წევრმა ქვეყანამ უპასუხა სომხეთის მოთხოვნას და სიტუაციის მონიტორინგისა და სომხეთ-აზერბაიჯანული ურთიერთობების სტაბილიზაციის მხარდაჭერის” მიზნით ვროევროკავშირის სადამკვირვებლო მისია სომხეთში გაიგზავნა. შემდეგ კი მისიის ხანგრძლივი დროით განთავსების შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება.
ევროკავშირის მისიის განთავსებას სომხეთის ტერიტორიაზე მოსკოვი და ბაქო ეწინააღმდეგებოდნენ.