საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2023 წლის მეორე კვარტალში “ჭკვიანი” კამერების მიერ დაფიქსირებული ჯარიმების მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც სამცხე-ჯავახეთში ყველაზე მეტი ჯარიმა ბორჯომში, ყველაზე ნაკლები კი ნინოწმინდაში დაფიქსირდა.
რეგიონში ვიდეოჯარიმების საერთო რაოდენობამ 7383 შეადგინა, რომლის მიხედვითაც გადახდილმა თანხამ 381 800 ლარი შეადგინა, საიდანაც 20%-იანი ფასდაკლებით 2664-მა მძღოლმა ისარგებლა.
ქვემოთ მოცემულია მუნიციპალიტეტის მიხედვით ჯარიმების რაოდენობა:
ახალქალაქში 970 ჯარიმა დაფიქსირდა ჯამური ოდენობით 50600 ლარი, 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლა 207-მა მძღოლმა. ახალქალაქში ჯარიმები დარეგისტრირდა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 118-ე მუხლით, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მართვას, რომელმაც დადგენილი წესით არ გაიარა გეგმიური ტექნიკური ინსპექტირება. დაჯარიმებულებიდან- 14 იურიდიული, 956 -ფიზიკური პირია.
ნინოწმინდაშიც ვიდეოჯარიმები დაფიქსირდა “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 118-ე მუხლით. ვიდეოჯარიმების საერთო რაოდენობა 559-ია, ჯამური თანხა კი 30 650 ლარია, 20%-იანი ფასდაკლებით 127 მძღოლმა ისარგებლა.
კსხვა სიტუაციაა ასპინძაში – ვიდეოჯარიმები “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 118-ე და 125-ე მუხლების შესაბამისად ფიქსირდება. ჯარიმის საერთო ოდენობამ 1072 შეადგინა, აქედან 459 118-ე მუხლით და 613 125-ე მუხლით, რაც ნიშნავს, რომ მძღოლმა გადააჭარბა სატრანსპორტო საშუალების დადგენილ სიჩქარეს.
ახალციხეშიც ვიდეოჯარიმები ორი მუხლით ფიქსირდება. ჯამში 1376 ჯარიმა იყო, აქედან 363 118-ე მუხლით, 125-ე მუხლით- 1013.
რეგიონში ყველაზე მეტი ვიდეოჯარიმა ბორჯომში დაფიქსირდა – 3406, აქედან 888 118-ე მუხლით და 2518 ჯარიმა 125-ე მუხლით. ბორჯომში ვიდეოჯარიმები ძირითადად სიჩქარის გადაჭარბების გამო რეგისტრირდება.