სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონის არასრულწლოვანი ბენეფიციარების ამსახველი აუდიო-ვიდეო ჩანაწერების სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საშუალებით გასაჯაროების კანონიერება შეისწავლა, – ამის შესახებ სახელმწიფო აპარატის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, შემოწმებით დადგინდა, რომ 2021 წლის 4 ივნისს პანსიონატის ხელმძღვანელმა თავის პირად ფეისბუქგვერდზე ე.წ. პირდაპირ ეთერში საჯაროდ განათავსა რამდენიმე აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, რომლებშიც ასახულნი იყვნენ პანსიონატის არასრულწლოვანი ბენეფიციარები.
„ჩანაწერები სრულად იძლეოდა არასრულწლოვნების იდენტიფიცირების საშუალებას. კერძოდ, ჩანაწერებში საჯაროდ ხელმისაწვდომი იყო არასრულწლოვნების სხვადასხვა მონაცემი: სახელი, გვარი, ვიზუალური გამოსახულება, ხმა, ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, ინფორმაცია პანსიონატის მზრუნველობის ქვეშ ბავშვის ყოფნისა და არსებული/სასურველი საცხოვრებელი ადგილ(ებ)ის შესახებ, მათი ახლო ნათესავების ვინაობა და ტელეფონის ნომრები.
აუდიო-ვიდეო ჩანაწერებმა, რომლებიც სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ საჯაროდ დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში იყო განთავსებული, დააგროვა ათი ათასობით ნახვა, ასეულობით კომენტარი და ათასობით რეაქცია. ამავდროულად, სოციალური ქსელის ნებისმიერ მომხმარებელს ჰქონდა აუდიო-ვიდეო ჩანაწერებზე საკუთარი აზრის დაფიქსირების, ამ ჩანაწერების საკუთარ გვერდზე გაზიარებისა და გადაწერის შესაძლებლობა.
სახელმწიფო ინსპექტორმა გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ პანსიონატის მიერ ბენეფიციარების მონაცემთა ამ ფორმით გასაჯაროება არღვევს არასრულწლოვანთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, ლახავს მათ ღირსებას და ქმნის არასრულწლოვანთა ჩაგვრის, ე.წ. ბულინგის (მათ შორის კიბერბულინგის), დისკრიმინაციის, ონლაინადევნების, მსხვერპლად გახდომის, მათდამი არასათანადო მოპყრობისა და სხვის მიერ ბავშვების პერსონალური მონაცემების არაკანონიერი გამოყენების რეალურ საფრთხეს. ეს საფრთხეები კიდევ უფრო იზრდება ინფორმაციის სოციალური მედიით გასაჯაროებისას, რომლის საშუალებით ინფორმაციის გავრცელების მასშტაბები ძალიან დიდი და შეუქცევადია. 2021 წლის მაისი-ივნისის თვეებში პანსიონატის გარშემო განვითარებული მოვლენებისა და იქ მცხოვრები ბენეფიციარების უფლებრივი მდგომარეობის მიმართ საზოგადოების დიდი ინტერესის მიუხედავად, არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების გასაჯაროებისას განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა იყო საჭირო. ზოგიერთ შემთხვევაში, საჯარო განცხადების სახით გასაჯაროებული (მათ შორის, პერსონალური მონაცემების შემცველი) ინფორმაცია შესაძლოა, მიჩნეულ იქნას ინტერესების დაცვის კანონიერ და პროპორციულ საშუალებად, თუმცა ბავშვის საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტულობა სხვა დანარჩენ ინტერესებთან შედარებით, აღიარებულია როგორც ეროვნული, ასევე, საერთაშორისო კანონმდებლობით. შესაბამისად, პანსიონატის წარმომადგენელს, რომლის პირდაპირ მოვალეობას წარმოადგენდა ბავშვების უფლებების დაცვა და განსაკუთრებული როლი ეკისრებოდა არასრულწლოვანთა საუბრებისა და პირადი შეხვედრების კონფიდენციალობის დაცვაში, უნდა შეეფასებინა ზემოაღნიშნული საფრთხეები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არასრულწლოვანთა მონაცემების (მათი ვინაობის, ვიზუალური გამოსახულების, ხმის, ემოციური მდგომარეობის, პანსიონატის მზრუნველობის ქვეშ ბავშვის ყოფნისა და არსებული/სასურველი საცხოვრებელი ადგილ(ებ)ის შესახებ ინფორმაციის, ახლო ნათესავების ვინაობის, ტელეფონის ნომრების) შემცველი აუდიო-ვიდეო ჩანაწერების გასაჯაროება სახელმწიფო ინსპექტორმა არ მიიჩნია კანონიერი მიზნის მიღწევის აუცილებელ და პროპორციულ საშუალებად, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა პანსიონატის ინტერესი – დაეცვა დაწესებულების რეპუტაცია“, – ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციაში.
როგორც სამსახურში აღნიშნავენ, შემოწმების პროცესში პანსიონმა არ ითანამშრომლა სახელწიფო ინსპექტორის სამსახურთან. კერძოდ, სამსახურს არ მოაწოდა მოთხოვნილი ინფორმაცია.
„სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებით, ქ. ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატს არასრულწლოვანთა მონაცემების არაპროპორციული მოცულობით გასაჯაროებისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე და 53-ე მუხლების პირველი პუნქტების საფუძველზე, დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა – ჯარიმა“, – აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციაში.